ანტონიო კასანოსა და რაფაელ ლეაოს დაპირისპირება გრძელდება. ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მილანის 10 ნომერზე Domenica Sportiva-თან ინტერვიუში ისაუბრა:
"ლეაო? ჩემთვის ის ჩეულებრივი მოთამაშეა. ჩვენ ვსაუბრობთ ვინგერზე, რომელიც გოლს იშვიათად იტანს, მაშინ, როცა მისი პოზიციის სხვა ფეხბურთელები ძალიან კარგ შედეგებზე გადიან. მაგალითად ავიღოთ რაშფორდი, რომელმაც გასულ სეზონში 30 გოლი გაიტანა, ეს ბიჭი თამაშობს ბევრად ძლიერ ჩემპიონატში და გატანის გარდა ბევრ საგოლე გადაცემასაც ასრულებს. შეხედეთ რა გააკეთა კვარაცხელიამ, რომელიც იტალიაში პირველად თამაშობდა. ადგა და გუნდს ულიდერა, მათ კი სკუდეტო მოიგეს. შეხედეთ რას აკეთებს ფოდენი, რომელიც ლეაოზე ასაკით პატარაა და უკვე 21 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე გადაცემა შესრულებული. ისიც პრემიერ ლიგაში თამაშობს, რომელიც სერია ა-ს ბევრად აღემატება. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?
იტალიის ჩემპიონატი ძალიან დაბალ დონეზე არის, ის კი ფიქრობს რომ ფენომენია, არადა სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. კარგი ბიჭია, კარგი ფიზიკური მონაცემებით, ამას არ უარვყოფ, მაგრამ დღეს ის ერთი ჩვეულებრივი შემტევია. კლუბისგან ითხოვს დიდ ხელფასს და ფიქრობს, რომ €120, 130 ან 140 მილიონი ღირს, საიდან ამხელა ამბიცია, ის ხომ ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია?
სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ 5 თვეზე მეტი გატანას ვერ ახერხებდა, იმ ჩემპიონატში, რომელიც ძალიან დაბალი დონისაა. შემდეგ გაიტანა ორი გოლი და ყველამ დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორი ძლიერი და კარგი მოთამაშეა. ეს დიდი სისულელეა. მას ჩემს დროს რომ ეთამაშა, 10-15 წლის წინ, მე-6 ან მე-7 პოზიციაზე მებრძოლ გუნდშიც კი ვერ მოხვდებოდა."
ეს კასანოს ფეხბურთელის მიმართ პირველი კრიტიკა არაა. ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს და თითოეული გაკეთებული კომენტარის შემდეგ, პორტუგალიელი სოციალურ ქსელში კასანოს გარკვეული სახით პასუხს ყოველთვის უბრუნებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც რაფამ ტვიტერზე "კლოუნის ემოჯები" გამოიყენა ანტონიოს მიერ გაკეთებულ კომენტარზე.
Serie A
კასანო: "ლეაო? - ჩემთვის ის ჩვეულებრივი მოთამაშეა. შეხედეთ კვარას, ფოდენს..."












