ბუნდესლიგის 2021/2022 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ლევერკუზენის ბაიერმა მესამე ადგილი დაიკავა და ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეს გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დაბრუნდა. ახალი სეზონის სტარტი უბრალოდ კატასტროფული იყო: მხოლოდ 5 ქულა გერმანიის ჩემპიონატის პირველ 8 ტურში, ზედიზედ ორი წაგება ევროსარბიელზე და გერმანიის თასიდან გამოვარდნა პირველივე რაუნდში.
2022 წლის 5 ოქტომბერს "ფარმაცევტებმა" გაათავისუფლეს თავიანთი იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, ხერარდო სეოანე, მდგომარეობის გამოსასწორებლად კი ჩაბი ალონსო მიიწვიეს. იმ დროს ახალგაზრდა სპეციალისტს ამ საქმეში გამოცდილება პრაქტიკულად არ ჰქონდა.

ესპანელ მწვრთნელს აქამდე მადრიდის რეალისა და სან-სებასტიანის რეალ სოსიედადის ახალგაზრდულ გუნდებთან ჰქონდა ნამუშევარი. "შავ-წითლების" სპორტულ დირექტორს, სიმონ როლფს, თავის მხრივ სულაც არ აშინებდა ის ფაქტი, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ჩამშლელი დამწყები სპეციალისტი იყო.
გერმანელი სელექციონერი 42 წლის მწვრთნელის დანიშნვას ასე ახასიათებდა:
"ხარისხი არის ის ფაქტორი, რომელიც შესაძლოა გამოცდილებაზე მაღლაც კი იდგეს. ალონსო ლევერკუზენში ყოველთვის პრემიალურ არჩევნად განიხილებოდა. ვიცოდით, ის ჩვენს კლუბს ძალიან მოუხდებოდა", - აცხადებდა გერმანული კლუბის ფუნქციონერი.

ბაიერის წარმატებული სვლის დაწყებიდან მალევე, 42 წლის სპორტულმა დირექტორმა თავისი გუნდის მწვრთნელის შესახებ ასეთი რამ განაცხადა:
"მის შესაძლებლობებში ყოველთვის ვიყავით დარწმუნებულები, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ შედეგი მოლოდინს ასე გადააჭარბებდა. ნამდვილად საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ.
რა მოგვეწონა ალონსოში ყველაზე მეტად? - ის ფეხბურთი, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით რეალ სოსიედადის მეორე გუნდი თამაშობდა. მას ჰქონდა თავისი ფილოსოფია: ბურთის კონტროლი და ვერტიკალური თამაშის ტემპი. მსგავსი რაღაცის დანერგვას ხომ ლევერკუზენშიც ვცდილობდით. ცალკე საკითხი იყო ის, თუ რამდენად დიდია ჩაბი პიროვნულად.
მიგვაჩნდა, რომ ესპანელი ნახევარმცველის სახელოვანი საფეხბურთო კარიერა მისი დიდებული მწვრთნელობის წინაპირობა იქნებოდა", - განაცხადა როლფსმა.
ცნობისთვის, ბაიერის ახალგაზრდა დამრიგებლის სახელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ მიუნხენგლადბახის ბორუსიასაც, მაგრამ მან უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე.

"მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ბუნდესლიგის სხვა გუნდში, თუმცა უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის დრო ჯერ არ იყო. ახლა კი მზად ვარ", - აცხადებდა 42 წლის სპეციალისტი "ფარმაცევტებში" მოსვლამდე.
ევროპული გამოცემები პერიოდულად წერდნენ იმის შესახებ, რომ ალონსო "შავ-წითლებში" რაღაც განსაკუთრებულს ამზადებდა.
ესპანელი მწვრთნელი ისე აქტიურად მონაწილეობდა თავისი გუნდის ვარჯიშის პროცესში, რომ მზად იყო მოედანზე თავადაც გასულიყო. ის ძალიან დიდ დროს უთმობდა კონკრეტულ ზონებში პასების დამუშავების პროცესსა და დროის კონტროლს. ბაიარენას ბინადართა დამრიგებელმა თავის სადებიუტო სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 პოზიცია დაიკავა, ევროპა ლიგაზე კი ის 1/2 ფინალამდე მივიდა.

ლევერკუზენი ევროთასებზე რომამ (0:1, 0:0) დაამარცხა, თუმცა უკვე შემდეგ სეზონში 42 წლის მწვრთნელმა, მთელი საფეხბურთო ევროპის მასშტაბით, სრული ფურორი მოახდინა: კლუბის ისტორიაში პირველი გერმანიის ჩემპიონობა, 47 მატჩამდე გაგრძელებული უკვე რეკორდული, წაუგებელი სერია, გერმანიის თასის ფინალი და წინგადადგმული ნაბიჯი ევროპა ლიგის ფინალამდე.
როგორც ვიცით, წუხელ ბაიერმა ნახევარფინალში სტუმრად სწორედ "ჯალოროსისთან" (2:0) იმარჯვა, გუნდთან, რომელმაც ერთი წლის წინ, ალონსოს ევროსეზონი ნაადრევად დაასრულა. ესპანელმა სპეციალისტმა უკვე დაწერა "ფარმაცევტების" ისტორია და ამ პროცესს ის ახლაც აგრძელებს. ვნახოთ, როგორი იქნება ჩაბის შემდეგი ნაბიჯი.












