დღეს საქართველოს ხელბურთლთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი ქვეყნისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონ, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონ და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ ხორვატიასთან გამართა.
საქართველოს ნაკრებმა ძლიერ ხორვატიასთან მაღალი დონის თამაში ჩაატარა. დაძაბული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირველ ტაიმში საქართველო გარკვეული პერიოდი იგებდა, ხორვატებმა დაწინაურება მოახერხეს, მეორე ტაიმში ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შემდეგ დაწინაურდნენ, გარდამავალი უპირატესობის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, ხორვატიამ 32-29 გაიმარჯვა.
ქართველთაგან გოლები გიორგი ცხოვრებაძემ (7), გიორგი დიხამინჯიამ (6), ნიკოლოზ კალანდაძემ (5), ხაზეინ რუსტამოვმა (5), მირიან გავაშელიშვილმა (4) დაირაკლი კბილაშვილმა (2) გაიტანეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ტარდება. შეჯიბრებაში 24 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შვედეთის ქალაქ მალმეში თამაშობს. ჩვენ გუნდთან ერთად E ჯგუფში შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნეკრებები ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 იანვარს შვედეთთან გამართავს.









