რამდენიმე დღის წინ, ახლოს ვიყავით კიდევ ერთ ხმაურიან ქართულ ტრანსფერთან. საბა გოგლიჩიძე რომას ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ბოლო დღეს, რომაელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მის ნაცვლად გალათასარაიდან ვიქტორ ნელსონი დაიმატეს.
ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ქართველი ფეხბურთელი ხმაურიან ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა ჩაიშალა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ყველაზე უცნაური და გავრცელებული საბა კვერკველიას ლესტერში ტრანსფერი იყო. ლესტერი მაშინ პრემიერ ლიგის ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, კვერკველია კი მოსკოვის ლომომოტივში ჩემპიონი გახდა და საუკეთესო მცველად დასახელდა. მიუხედავად ინგლისური კლუბის სარფიანი შეთავაზებისა, ტრანსფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებით ჩაიშალა და კვერკველიამ ლოკომოტივში დარჩენა არჩია.
საინტერესოა გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილი ტრანსფერები. უოტფორდში გადასვლამდე ის მეცში გადადიოდა და საფრანგეთში ჩასულიც კი იყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მანამდე კი ახალგაზრდა ჩაკვეტაძეს ბაიერნის შემოთავაზება ჰქონდა. როგორც კლუბის მაშინდელი წარმომადგენლები აცხადებენ, ჩაკვეს ტრანსფერის თაობაზე ბაიერნის დირექტორებმაც დარეკეს და კონტრაქტიც გაამზადეს, მაგრამ ბოლოს ტრანსფერზე უარი ჩაკვეტაძის მხარემ თქვა.

"ახლოს ვიყავი ხეტაფეში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საბოლოოდ შენს თავს უნდა დააბრალო, მაგრამ რაღაც მომენტში ასე არ იყო. ხიმნასტიკში ყოფნისას, ესპანელი აგენტები მყავდა, რომლებმაც საქმე პასიურად წაიყვანეს, ხეტაფეს ჩემი წაყვანა სურდა, აგენტები არ აქტიურობდნენ და სიტუაცია სხვანაირად წარიმართა, რის გამოც შემდეგ ბოდიშებსაც მიხდიდნენ. ეს იყო საკვანძო მომენტი ჩემს კარიერაში", - აცხადებს ოთარ კაკაბაძე LaGazzetta.ge-სთან.
მაშინ კაკაბაძეს ხიმნასტიკში კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჰქონდა. ხეტაფე კი ლა ლიგაში სტაბილურად თამაშობდა. სამწუხაროდ, იმის შემდეგ კაკაბაძის საკლუბო კარიერეული განვითარება ვერ მოხერხდა.
გასულ ზაფხულს, ჟორჟ მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერს წინ აღარაფერი ედგა. საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდი კონტრაქტის ყველანაირ დეტალზე შეთახმებული იყო, მაგრამ ბოლო წუთს შეთავაზება ლიონიდან მიიღო და თავის საოცნებო, მშობლიურ ლიონში თამაში არჩია. მონაკოში ტრანსფერი კი ჩაიშალა.
იმ დროისთვის, თორნიკე ოქრიაშვილის მარსელში გადასვლა ალბათ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქართული ტრანსფერი იქნებოდა, რადგან ქართველის ტოპ 5-ში თამაშით განებივრებულები არ ვიყავით. ოქრი საფრანგეთში ჩავიდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება გულის პრობლემების გამო ვერ გაიარა და ტრანსფერი ჩაიშალა. ეს ყველაფერი 2016 წელს მოხდა, როცა საქართველომ ესპანეთს ოქრიაშვილის გოლით მოუგო.

ბოლოს კი მფრინავი ლორიას ჩაშლილი ტრანსფერი გავიხსენოთ. 2011/12 წლებში ქართველი მეკარე საოცარ ფორმაში იყო, ნაკრებშიც დაფრინავდა და კლუბშიც, შემოთავაზება თვით ლონდონის ჩელსისგან მიიღო. ამის შესახებ ლორია თავად საუბრობს.
"კურტუას ტრავმის შემდეგ, ჩელსი ჩემი შეძენით ძალიან ინტერესდებოდა. ამ გუნდის სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ მოურინიოს ხედვას 100%-ით ვაკმაყოფილებდი და ჩელსიში უნდა გადავსულიყავი. ეს საუბარი საღამოს შედგა, დილით კი კრილიას კონტრაქტზე უკვე ხელი მქონდა მოწერილი", - განაცხადა ლორიამ.










