ნათია და რეზი დანელიების დიდი საფეხბურთო თავგადასავალი, შეიძლება ითქვას, ახლა იწყება.
ნათია დანელია 20 წლისაა, სქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში და საფეხბურთო გუნდ „კვარტალში” თამაშობს.
16 წლის რეზი დანელია საქართველო 17 წლამდე ნაკრების ღირსებას იცავს, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და დედაქალაქელების 19 წლამდე გუნდში ასპარეზობს.
ნათია დანელია 2023 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად და საქართველოს ქალთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ამავე დაჯილდოებაზე რეზი დანელიას ალექსანდრე ჩივაძის საუკეთესო მოთამაშის (U17) ოქროს მედალი გადაეცა.
რეზი და ნათია დანელიებს ფეხბურთი ბავშობიდანვე უყვარდათ, პროფესიული ინტერესიც მალე გაუჩნდათ და ახალ უკვე ერთმანეთს საფეხბურთო რჩევებსაც აძლევენ. ფეხბურთელებმა სპორტული კარიერის, ოჯახური გარემოსა და სამომავლო გეგმების შესახებ La gazzetta dello sport GEORGIA- სთან ინტერვიუში ისაუბრეს:
- როდის გადაწყვიტეთ ფეხბურთზე შესვლა?
- ნათია: ყოველთვის დიდი ინტერესი მქონდა ფეხბურთი მეთამაშა, ეზოში რომ ვხედავდი ბევრი ადამიანი ფეხბურთს თამაშობდა მიმიზიდა, მეც მათთან ერთად დავიწყე თამაში, ვერთობოდი და ამ გართობის დროს პროფესიულ დონეზე თამაში მომინდა და გადავწყვიტე ფეხბურთზე შევსულიყავი. თავიდან უარზე იყო დედა, მაგრამ მამა და ბებია დამთანხმდნენ. პირველად მამამ და ჩემმა ძმამ მიმიყვანეს ფეხბურთზე და მერე, ძირითადად, ბებია მატარებდა. მაშინ მე 12 წლის ვიყავი, რეზი კი 8-ის.
- რეზი, როცა ნათიას ხედავდი ფეხბურთზე შენც მაშინ გაგიჩნდა თამაშის სურვილი?
- ფეხბურთის თამაში ყოველთვის მომწონდა, თუმცა ნათია რომ შევიდა ფეხბურთზე კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩნდა სპორტის ამ სახეობის მიმართ, რის გამოც შემდეგ მეც დავიწყე თამაში.
- ნათია: მამას ძალიან უყვარს ფეხბურთი, პროფესიულ დონეზე არ უთამაშია, თუმცა ჩვენს ოჯახში სულ ფეხბურთს უყურებდნენ და ჩვენც გადმოგვედო ეს სიყვარული. დედაც ძალიან ჩართულია ამ პროცესში და მამასთან ერთად ნერვიულობს ჩვენს თამაშებზე.

- ერთმანეთის თამაშებზე დადიხართ?
- რეზი: კი სულ დავდივართ და რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს.
- ნათია: სულ დავდივართ და ვუყურებთ ერთმანეთის თამაშს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა როცა ჩემი ძმა თამაშობს. საკლუბო და სანაკრებო თამაშებზე მივდივარ და შემდეგ ვცდილობ რეკომენდაციები მივცე. ოჯახში აქტიურად, საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა თამაშს ვუყურებთ.
- რომელი უფრო კარგი ფეხბურთელია?
- რეზი: ნათია.
- ნათია: რეზი.
- ფეხბურთს ერთად თამაშობთ?
- ნათია: ჩვენს უბანში ფეხბურთი ყველას უყვარს და ბავშობიდან ერთად ვთამაშობდით ეზოში. ახლა ამის დრო აღარ გვაქვს. ადრე უფრო მარტივი იყო რეზისთან თამაში, მაგრამ ახლა რთულია, დაიხვეწა.
- რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში?
- ნათია: ალბათ, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი, მაგრამ ემოციურად დასამახსოვრებელია, როცა ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმარჯვებ. ჩემთვის ასეთი თამაში იყო ლუქსემბურგთან ჩატარებული მატჩი, სადაც შეხვედრის დამატებული დროის მეშვიდე წუთზე საბოლოო ანგარიში დავაფიქსირე და 4:2 გავიმარჯვეთ. ამ თამაშს პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 ვაგებდით და ძალიან სასიხარულოა გამარჯვება რომ შევძელით.
- რეზი: ჩემთვის 17 წლამდელთა შორის დანიასთან გამარჯვება და ჩემი თამაში რომელიც მომეწონა - დებიუტი 15 წალდე ნაკრებში, ლიბანის ნაკრებთან, სადაც 2 გოლი გავიტანე. პირველი გოლი ნაკრებში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ლიბანთან.
- რა ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ ნაკრებში ითამაშებდით?
- ნათია: პირველად 17 წლამდე ნაკრებში. რომ გამომიძახეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ბევრი ვიშრომე და ემოციას ვერ გადმოვცემ, იმდენად დიდი სიხარული იყო. ყველა ასაკობრივი გამოვლილი მაქვს, მაგრამ როცა ეროვნულში გიძახებენ სხვა გრძნობაა. მახსოვს 23 სექტემბერს 16 წლის გავხდი, ამ ასაკიდან უკვე შეიძლება ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაშინ ნაკრების მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე იყო, მან გამომიძახა და ჩემი დებიუტი, 8 ოქტომბერს, დანიასთან მატჩში შედგა. ყველა თამაშს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში, მაგრამ როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, ეს კიდევ ხვა ემოციაა, სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობაა. სანაკრებო თამაშებზე ძალიან ვნერვიულობ, რადგან შენ ქვეყანას წარმოადგენ, ხალხი გიყურებს და ფიქრობ, აქ ღარ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება.
- რეზი: ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვეული წნეხია, როცა ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ, უამრავი ადამიანი გიყურებს სტადიონზე ან ტელევიზიით გაკვირდება. როცა ჰიმნზე დგახარ მანდ უნდა დატოვო ყველაფერი, როცა მოედანზე ხარ მეომარი უნდა იყო, არაფერი არ უნდა დათმო და ყველაფერი გაიღო საქართველოს ნაკრებისთვის.

- ელიტრაუნდი გელით მარტში, როგორ ემზადებით?
- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ყველაფერი კარგად დასრულდეს. გუნდში კარგი განწყობაა, მოტივირებულები ვართ რომ მოედანზე გავიდეთ და შედეგი დავდოთ.
- ნათია, როცა ფეხბურთზე შეხვედი საზოგადოების დამოკიდებულება როგორი იყო და როგორია ახლა?
- მაშინდელი და ახლანდელი დამოკიდებულება რომ შევადარო, პროგრესი აშკარაა. დღეს გააზრებულია რომ ქალს შეუძლია ფეხბურთის თამაში. თუ ყველას დამოკიდებულება შეიცვლება ქალთა ფეხბურთის მიმართ, უფრო წინ წავალთ. თავიდან დედაჩემს ეუბნებოდნენ ფეხბურთზე რატომ დაგყავს, ფეხი და ტანი დაუმახინჯდებაო, თუმცა ჩემი ოჯახის პრიორიტეტი ყოველთვის ისაა, რომ რაც ჩვენთვის კარგი და საუკეთესოა ის ვაკეთოთ.
- შიდა კონკურენცია როგორია?
- ნათია: თუ სავარჯიშოდ მივდივარ ყოველთვის ვცდილობ რეზიც თან წავიყვანო, რადგან ჩემზე ცოტა ზარმაცია, ჩემი აზრით, გოგოები უფრო მონდომებულები არინ და საკუთარი თავის განსავითარებლად მეტს აკეთებენ, ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, ჩემი დამსახურებაცაა ჩემი ძმის ამ დონეზე თამაში, ხოლო მეორე მხრივ, მასაც მიუძღვის წვლილი ჩემს წარმატებაში. დიდი კომფორტია, როცა ძმაც ფეხბურთელია, ყველაზე მეტად მიყვარს ჩემ ძმასთან საუბარი იმის შესახებ, რა გავაკეთე სწორად, სად დავუშვი შეცდომა და ა. შ. როცა უცხოეთშია თამაში, მატჩის დასრულებისთანავე ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ვუზიარებთ მოსაზრებებს.
- ფეხბურთს და განათლებას რამდენად ათავსებთ?
- ნათია: რეზი მე-11 კლასშია, მე სპორტის უნივერსიტეტში მე-3 კურსზე მწვრთნელთა ფაკულტეტზე ვსწავლობ. მთელი წელი ვიყავი შეკრებებზე, მაგრამ მაინც შევძელი უნივერსიტეტში ჩაბარება, მთავარი მონდომებაა, სწავლისა და ფეხბურთის შეთავსება შესაძლებელია.
- 2023 წელს საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციამ ორივე საუკეთესოებს შორის დაგასახელათ ...
- ნათია: ძალიან დიდი ემოციები იყო, ვიდრე გავიგებდით. ჩემმა ძმამ უფრო ადრე გაიგო რომ ნომინანტებში იყო, მე - 3 დღის შემდეგ. 2018 წელს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, მას შემდეგ სულ მქონდა სურვილი და ვფიქრობდი, როდის მოვიდოდა დრო, როცა საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ არ მიფიქრია რომ 20 წლისა ამას მივაღწევდი. 2023 წელს ბევრი ვიშრომე, სანაკრებო თამაშები კარგად ჩავატარე, ჩემპიონატშიც კარგად ვითამაშე, თუმცა ორივე ჯილდოს მაინც არ ველოდი (საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ქალთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე). სახლში რომ გავიგეთ ორივე ნომინანტებში ვიყავით, ვტიროდით ოჯახში, დაჯილდოებაზე ჯერ ჩემი ძმა გამოცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში წვლილი მეც მიმიძღვის. როცა ჩემზე გამოაცხადეს რომ საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სცენაზეე ავდეი და ჯილდო გადმომცეს მინდოდა ყველასთვის მადლობა მეთქვა, მაგრამ არ წახვიდეო მითხრეს, მეორე ჯილდოც გეკუთვნისო.. და როცა კიდევ გამოაცხადეს ჩემი სახელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის რანგში, შოკში ვიყავი, დავიბენი, მართლა არ ველოდი ორივეს ერთად და მადლობაც ვეღარ ვთქვი.
მადლობა ყველა იმ ადმიანს, ვინც ხმა მომცა და ვინც ფიქრობდა საუკეთესო უნდა გავმხდარიყავი. ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მოდუნების უფლება არ მაქვს.
- რეზი: სიამაყე დამეუფლა, როცა ორივე ნომინანტებში მოვხვდით. სულ რომ არ გამემარჯვებინა, სამეულში ყოფნა დიდი პატივი იქნებოდა, ოჯახში დიდი ემოცია იყო, დედა ტიროდა. ნათიას გამარჯვებას ველოდი, ჩემსას - არ ვიცი, ისეთი სამეული ვიყავით ყველას გამარჯვებას ველოდი, ჩემი მეგობრები არიან, მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ.
- ნათია, საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და ქალთა ნაკრებზე რას იტყვი?
- საქართველოს ნაკრებში ირის ანტმანის ჩამოსვლის შემდგე ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში, დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ, გარემო მთლიანად., ძალიან დიდი პროფესიონალია, რამდენიმე თვეა საქართველოს ნაკრებშია, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ უკვე, ყველაზე მთავარი რაცაა: თამაშის მოგებაზე ფიქრი ჩვენს გონებაშია, აქამდე ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს ვხვდებოდით, ერთა ლიგა საქართველოსთვის იდეალური ტურნირია, შენი დონის ნაკრებებს ეთამაშები, ლუქსემბურგათან 0:2 წავაგეთ პირველი ტაიმი, გასახდელში ირისმა გვითხრა, რომ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით და 4:2 მოვიგეთ. იმედია, შემდეგ გათამაშებაზე თავს უკეთ წარმოვაჩენთ.

- რეზი ნათიამ თქვა რომ ვარჯიშს გახსენებთ ხოლმე....
- კი, ნათიას დამსახურებაა რასაც მივაღწიე, 80% ალბათ., ადრე ცოტა ვზარმაცობდი, ახლა უკვე დიდი მიზნები მაქვს.
- პირველი ბურთი
- ნათია: პირველად , რეზინის საზამთროს ბურთი გვქონდა.
- რეზი: კი, საზამთროს ნახატით იყო ის ბურთი.
- ნათია: ამ საზამთროს ბურთით სულ ფეხბურთს ვთამაშობდით ერთმანეთში, ჩემი ძმა ამ საზამთროს ბურთით თამაშებოდა. კარში დააყენებდა ხან მამას, ბიძას დეიდას და ვითომ კარში ურტყავდა, გოლები გაჰქონდა ....
- ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება რამდენად დიდი მოტივაციაა თქვენთვის?
- რეზი: ხვიჩა ჩვენი სკოლელია და რა თმა უნდა, მისმა წარმატებამ იმოქმედა ჩვენზე. დიდი პატივისცემა ჩვენგან ხვიჩას. ძალიან სასიხარულოა, როცა ქართველი ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს. მეც მეტი მოტივაცია გამიჩნდა, რატომ არ შემიძლია მეც ეს გავაკეთო, მეც მაგარი ვიყო; იმისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ ერთ დღეს, მეც იმავე დონეს მივაღწიო, მინიმუმ.
- რეზი , “დინამო თბილისთან“ ერთად უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე გიწევთ თამაში, რა გამოცდილება იქნება თქვენთვის?
- ძალიან დიდი გამოცდილებაა ევროპულ გუნდებთან თამაში. ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ., რაც შეეხება დინამოს აკადემიას, ვფიქრობ, საუკეთესო აკადემიაა საქართველოში, ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის რომ საუკეთესოები გავხდეთ. ყველა ვშრომობთ, რომ როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად საუკეთესოები ვიყოთ და მადლობას ვუხდი ყველას.
- რაში დახარჯეთ პრემია?
- ნათია: პრემია დავხარჯე სპორტულ საქმიანობებში, ბუცები გამოვიწერე, რეზის, რაც მითხრა ვუყიდე, ყოველთვის ვზრუნავ რეზიზე და უფროს დაზეც. მერე ჩემზე მეტი ფული ექნება და თვითონ მიყიდის.
- სამომავლო გეგმები?
- რეზი: ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა, მიზნად მაქვს გამორჩეული მოთამაშე გავხდე და ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია,. დინამოს დიდ გუნდში მოხვედრა და ასევე, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მსურს.
- ნათია: ჩემი ოცნება, საქართველოს ნაკრებში თამაში, ავისრულე და მინდა წარმატებას მივაღწიო ნაკრებთან ერთად., საკლუბო დონეზე, მსურს ტოპ 5 ლიგის გუნდში თამაში, რადგან ბარსას გულშემატკივარი ვარ მინდა ასეთი დონის კლუბში ვითამაშო. მოედანზე გასლა სხვანაირი განცდაა, საოცარი შეგრძნებაა , როცა გულშემატკივრის ხმა ჩაგესმის სხვა ემოციაა., როცა ეს ხმები მესმის ათასჯერ მეტად მინდა კარგი რამ გავაკეთო, ორთაბრძოლა მოვიგო, გოლი გავიტანოთ, გავიმარჯვოთ, ამიტომ გულშემატკივარი უმთავრესია, მართლაც მე-12 მოთამაშეა და უზარმაზარი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









