ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ქინქლაძის ფონდის თანადამფუძნებელი, გიორგი ქინქლაძე, პარტნიორობის შესახებ ენთუზიაზმით საუბრობს:
"ამ ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ბედნიერებაა ამ ბავშვების ყურება და ნახვა, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გუნდს ტურნირზე მონაწილეობისთვის. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ ამ ბავშვებს, რომ მხოლოდ ვარჯიშსა და თამაშზე იფიქრონ, თუმცა თავისთავად სკოლაში სწავლაც პრიორიტეტულია ჩვენთვის. ამ ტურნირის ჩატარებას, რა თქმა უნდა, ზაფხულშიც ვაპირებთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ბავშვები დავტვირთოთ ბევრი თამაშითა და ვარჯიშით.
ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ბავშვები უზომოდ არიან ფეხბურთზე შეყვარებულნი. რამდენიმე წლის წინ ყველა ბავშვს მესისა და რონალდუს მაისურები ეცვათ, ახლა კი მათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მაისურებით ვხედავთ, რაც ძალიან სასიამოვნოა."

ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ, SMH Sports-ის დამფუძნებელმა და Kinkladze Foundation-ის თანადამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა:
"გრასროტ ქაფმა ასეთი ტურნირის ჩატარების ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა და მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო საბავშვო ფეხბურთში, შესაბამისად, როგორც კი შეთავაზება მიიღო "ქინქლაძე ფაუნდეიშენმა" პარტნიორობის შესახებ, მარტივად განაცხადა თანხმობა და მზაობა. ეს პარტნიორობა ტურნირის სახელზეც აისახა — ეს ტურნირი გიორგი ქინქლაძის სახელობისაც გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურნირი თავს უყრის საბავშვო გუნდებსა და ბევრ ბავშვს აერთიანებს. გეგმაშია ტურნირის ბევრად უფრო ფართო ასპარესზე გატანა. გიორგის კონტაქტებიდან გამომდინარე, დაგეგმილია მანჩესტერ სიტისთან გაფორმდეს პარტნიორობა, შესაბამისად, ეს ტურნირი ერთგვარი ხიდი იქნება მანჩესტერსა და საქართველოს შორის, რითაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ მანჩესტერში გამგზავრების.
მოგეხსენებათ, "ქინქლაძე ფაუნდეიშენის" ფონდი სულ რამდენიმე თვეა რაც დაარსდა, თუმცა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა უკვე აქვს მიღებული, როგორც თვითონ ბავშვების განათლების ნაწილში, ისე მწვრთნელების განათლების პროგრამაშიც. გიორგის დიდი სურვილია მანჩესტერ სიტისთან აეწყოს ისეთი კარგი თანამშრომლობის, რომ ბავშვთა მწვრთნელების გადამზადება ხდებოდეს, რაც კვალიფიკაციის ამაღლებას გამოიწვევს და შესაბამისად, არამხოლოდ ბავშვების გამგზავრება დაიგეგმოს ინგლისში, არამედ მწვრთნელებისაც. აუცილებელია ინგლისელი მწვრთნელების ჩამოსვლაც, რომლებიც ადგილზე გადაამზადებენ ქართველ სპეციალისტებს. საქართველოში სამწვრთნელო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებით თუ არ იქნება მომზადებული, რეალურად ვერ მივიღებთ საბოლოო პროდუქტს, რომელიც შემდგომში ბავშვებში უნდა იყოს ასახული და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფონდის მოღვაწეობისთვის."









