ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი გამოეხმაურა იურგენ კლოპის ლივერპულიდან წასვლას. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის დაანონსა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი სპეციალისტი შეცვლის მას მერსისაიდელთა ბანაკში.
"კლოპის წასვლით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცვლის ჩემპიონატს, პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს დაკარგავს. ჩემი ტოპ 4 ასეთია - ანჩელოტი, ბიელსა, გვარდიოლა და იურგენი. ეს იქნება ძალიან დიდი დანაკლისი, მაგრამ მისი გაგება შემიძლია.
ჩვენი საქმე საუკეთესოა, თუმცა ამავდროულად უმძიმესი. საჭიროა ყოველდღიური ენერგია და იმ შემთხვევაში, თუ ის არ გექნებათ, ყველაფერს დაკარგავთ", - განაცხადა იტალიელმა. შეგახსენებთ, "წითლების" ტაქტიკოსი ეპლ-ში მოღვაწეობს 2015 წლიდან და იმის შემდეგ, თავის გუნდს მან 7 ტიტული მოაგებინა.
მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის, ინგლისის თასის, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის სუპერთასის, უეფას სუპერთასისა და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდოები. ამჟამინდელი კლუბიდან წასვლის შემდეგ, 56-წლის ტაქტიკოსი გეგმავს ფეხბურთისგან დასვენებას, მინიმუმ ერთი სეზონით.









