ბარსელონას 21-ე საუკუნეში ჰყოლია არაერთი მწვრთნელი და თითოეულ მათგანს აერთიანებდა ერთი რამ - სატრანსფერო ბაზარზე ფულის ხარჯვის სიყვარული. პირველ პოზიციაზე ამ მხრივ არის ერნესტო ვალვერდე, რომელმაც 3 წლის მანძილზე 808.2 მილიონი დახარჯა. მონაცემები Transfermarkt-იდან არის აღებული.
ესპანელი მწვრთნელის მუშაობის დროს კატალონიურმა გუნდმა განახორციელა ანტუან გრიზმანის, ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ფრენკი დე იონგის ტრანსფერები. ბილბაოს ატლეტიკის ამჟამინდელი თავკაცის შემდეგ მოდიან პეპ გუარდიოლა და ლუის ენრიკე, რომლებსაც აქვთ თითქმის თანაბარი ხარჯი: 342 და 342.4 მილიონი.
რაც შეეხება ჰანსი ფლიკს, 88 მილიონი ევროთი ის ბოლოდან მესამე ადგილზე არის. მისი მწვრთნელობის დროს "ბლაუგრანამ" დანი ოლმო და ჟოან გარსია დაიმატა. გერმანელ დამრიგებელზე ნაკლები კამპ ნოუზე 21-ე საუკუნეში დახარჯეს მხოლოდ კიკე სეტიენმა (55.9 მილიონი) და ლუი ვან გაალმა (20 მილიონი), მაგრამ მხოლოდ 2002/03-ის სეზონში.
ბარსელონას მწვრთნელების სატრანსფერო ხარჯები 21-ე საუკუნეში
| ერნესტო ვალვერდე | 808.2 მილიონი ევრო |
| ლუის ენრიკე | 342.4 მილიონი ევრო |
| პეპ გუარდიოლა | 342 მილიონი ევრო |
| ჩავი ერნანდესი | 247.4 მილიონი ევრო |
| ფრანკ რაიკაარდი | 221.8 მილიონი ევრო |
| ტიტო ვილანოვა | 131 მილიონი ევრო |
| კარლეს რეშაკი | 97.5 მილიონი ევრო |
| რონალდ კუმანი | 95.5 მილიონი ევრო |
| ჰანსი ფლიკი | 88 მილიონი ევრო |
| კიკე სეტიენი | 55.9 მილიონი ევრო |
| ლუი ვან გაალი | 20 მილიონი ევრო |









