ლა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა დატოვა ვალენსია და ლივერპულს შეუერთდა. ქართველმა გოლკიპერმა ბოლო შეხვედრა "ღამურების" შემადგენლობაში ჩაატარა ბეტისის წინააღმდეგ, მაგრამ საინტერესოა ის, რომ იმ თამაშში მას მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე "ლოს ჩესის" გულშემატკივრებს ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში დაემშვიდობა. რაც შეეხება ბოლო ტურს, 24 წლის გოლკიპერი უნდა დარჩენილიყო სათადარიგოთა სკამზე, მესტალიას ბინადრების ძირითადში კი სტოლე დიმიტრიევსკის გამოჩენას ვარაუდობდნენ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სასტარტოში აღმოჩნდა კარლოს კორბერანის გუნდის 25-ე ნომერი და ამ ფაქტმა ჩრდილოეთ მაკედონიელი გოლკიპერის განრისხება გამოიწვია. რა არის ამის მიზეზი? საქმე ისაა, რომ ვალენსიამ თავისი მე-2 კარის დარაჯის სკამზე დატოვებით 300 000 ევრო დაზოგა.
31 წლის მეკარის კონტრაქტში იყო ასეთი პუნქტი - სეზონში 10 მატჩის ჩატარების შემთხვევაში "ღამურებს" მისთვის ბონუსის სახით სწორედ აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადათ. პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურამდე კი "ლოს ჩესის" მე-13 ნომრის ანგარიშზე ფიქსირდებოდა 9 შეხვედრა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბონუსამდე მას 1 თამაში აკლდა.
დიმიტრიევსკის არ აცადეს 10 მატჩის ჩატარება და ის ბონუსის გარეშე დარჩა. მეკარეს ამ ფაქტის გამო შელაპარაკებაც კი მოუვიდა მესტალიას ბინადრების ესპანელ თავკაცთან, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიელი გოლკიპერი ვერ იაზრებდა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება მიიღო არა დამრიგებელმა, არამედ ვალენსიას უფროსობამ.
სტოლესა და "ღამურების" მწვრთნელს შორის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ისინი ახალ სეზონს დაიწყებენ ერთად, მამარდაშვილს კი მერსისაიდში ვიხილავთ. ინგლისური კლუბი შეკრებას დაიწყებს ივლისის პირველ ნახევარში, ქართველ გოლკიპერთან ერთად.









