ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა გაიხსენა მომენტი, როდესაც საფეხბურთო მოედანზე პირველად კრიშტიანუ რონალდუს თამაში ნახა. ეს მოხდა 2003 წლის 28 მარტს, ინგლისისა და პორტუგალიის 21-წლამდელთა ეროვნული გუნდების მატჩზე. ის თამაში დასრულდა ანგარიშით 4:2, პირენეელთა მოგებით.
მადრიდის რეალის მომავალი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გარდა, ინგლისელ თავდამსხმელზე წარუშლელი შთაბეჭდილება რიკარდო კუარეშმამაც დატოვა. "მათ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ვადევნებდი თვალს. ცხადია, იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ ვინ იყვნენ პორტუგალიის ეროვნული გუნდის ვინგერები.
პირენეელებს ერთ ფლანგზე ჰყავდათ რონალდუ, მეორეზე კი კუარეშმა. გაოგნებული დავრჩით იმით, თუ როგორ კომბინირებდნენ ისინი ერთმანეთში. რიკარდომ კრიშტიანუს პასი გაუკეთა 50 მეტრიდან, ის კი კარებთან იდგა ზურგით, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის საქმე მან უმარტივესად შეასრულა", იხსენებს ყოფილი ინგლისელი ფორვარდი.











