ვლადიმერ კაკაშვილი, რომელიც დინამო თბილისის აკადემიაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა და ყველა სახელოვანმა ფეხბურთელმა მის ხელში გაიარა, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
"დინამოს აკადემიაში ყოფნა და ამდენ ტალანტთან მუშაობა სასიამოვნოა, თუმცა, ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენი მიზანი ამ ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარება და დიდ ფეხბურთში მოხვედრაა. ვფიქრობ, სწორი მუშაობით შევძელით ის, რომ ეს მოთამაშეები დღეს დიდ ფეხბურთს თამაშობენ. საქართველოს ნაკრებში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ დინამოს აკადემიის აღზრდილია. ეს წარმატება უკლებლივ ყველას დამსახურებაა, ვინც ამ აკადემიაში მუშაობდა."
— ჩაკვე, კვარა, ზუკა... რა გზა გაიარეს მათ ამ წარმატებამდე?
— "ისინი ბავშვობიდანვე დიდი პროფესიონალები იყვნენ და სიგიჟემდე უყვარდათ ფეხბურთი. ჩვენც მათი პროფესიონალიზმი კარგად გამოვიყენეთ და ხელი შევუწყვეთ განვითარებაში. ამ ბიჭების მონდომება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. მათი თამაშის სტილი თავიდანვე აგებული იყო დრიბლინგზე, მცველის მოტყუებასა და სანახაობრივ თამაშზე. თავიანთი თამაშის სტილი ჰქონდათ, რაც კარგად განავითარეს და ხედავთ, დღეს ევროპის მაშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს."
— რეალურად რომ ვთქვათ, წინა თაობაში ფეხბურთელების ნაწილს მენტალობის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა ჰქონდათ. როგორ მოახერხა დღევანდელმა თაობამ, რომ ეს მენტალობა სრულიად შეიცვალა?
— "ჩვენდა სამწუხაროდ, წინა თაობაში ბევრი ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ნიჭიერი იყო და ფეხბურთი ვერ ითამაშა. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ცხოვრება განვითარდა და საშუალება გვაქვს სოციალურ ქსელებში ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ პროფესიონალი ფეხბურთელები სწორად და როგორ ვითარდებიან ისინი."

— რა გრძნობაა, როცა თქვენი აღზრდილი ფეხბურთელების ასეთ წარმატებებს ყოველდღიურად უყურებთ?
— "როცა ტრიბუნაზე ვზივარ და მოედანზე ვხედავ, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი და ჩემი სტაფის მიერ აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. სამწვრთნელო კარიერას რომ ვიწყებდი, მაშინ რომ ეთქვათ, შენთან ნათამაშები ბავშვები მომავალში ეროვნულ ნაკრებში მოხვდებიანო, არც კი დავიჯერებდი."
— როგორც ვიცით, ხვიჩასთან დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ...
— "ხვიჩასთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. სამტრედიაში ვმუშაობ და ყოველი წარმატებული თამაშის შემდეგ მირეკავს და მილოცავს ხოლმე. ანალოგიურად, მეც ვურეკავ და როცა ის გოლს იტანს, ან კარგად თამაშობს, ბედნიერი ვარ. წლებია კვარასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, რა შრომა ჩადო აქამდე მისასვლელად. ათმაგად მიხარია, რომ ამდენი შრომა ხვიჩას ასე ლამაზად დაუფასდა."
"კვარაცხელია რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, 10-ჯერ უფრო კარგი ადამიანია, დღესდღეობით, პიროვნული თვისებები თუ მაღალ დონეზე არ გაქვს აყვანილი, დიდი ფეხბურთის თამაში რთულია. პიროვნული თვისებები და კარგი ფეხბურთელობა თუ ერთმანეთთან არაა შერწყმული, სადღაც მაინც გაიჭედები."

— თქვენ და კვარამ წლები იმუშავეთ ერთად, სახალისო ფაქტებიც ბევრი იქნებოდა...
— "ერთ ისტორიას გავიხსენებ, დინამოს აკადემიაში აკრძალული გვქონდა, რომ ფეხბურთელებს სწრაფი კვების ობიექტებში ეჭამათ. ერთ დღესაც, მე და ჩემი ასისტენტი საცხობში შევედით და კვარაცხელიას ვხედავთ. რომ ვკითხეთ, აქ რას აკეთებო, გვითხრა, უბრალოდ ვზივარ, არაფერს ვჭამო. ზუსტად 2 წუთში, სალაროდან დაუძახეს თქვენი შეკვეთა მზად არისო (იცინის). მაშინ ხვიჩა საკმაოდ პატარა იყო. დღეს, მისი პროფესიონალიზმი და რეჟიმისა და კვების დაცვა მართლაც სამაგალითოა."
ჩაკვეტაძესა და დავითაშვილზე:
— "წარმოიდგინეთ, ტრავმის გამო რამხელა ტალანტი იკარგებოდა. ჩაკვეტაძეს 2 წელი გაუცდა და კარგად ვიცი, რამხელა სტრესია ეს. მიუხედავად ამისა, ჩაკვემ მტკიცე ხასიათი გამოავლინა და ევროპის ყველაზე რთულად სათამაშო ლიგაში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მალე მას პრემიერ ლიგაში ვიხილავთ."
"რაც შეეხება დავითაშვილს, ის თავიდანვე ნიჭიერი იყო, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში მარტო ნიჭი არ არის საკმარისი. ზურიკოს ერთი მთავარი თვისება აქვს - ძალიან შრომისმოყვარეა და ამის ხარჯზეც მიაღწია წარმატებას. მონდომებული იყო და ფეხბურთის სიყვარული ჰქონდა."

— დღესდღეობით თუ არიან ტალანტები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ კვარასნაირი გზა გაიარონ?
— "დინამოს აკადემიაში ახლაც არიან ტალანტები, რომელთაც შეუძლიათ გახდნენ ახალი კვარა, ზურიკო, ჩაკვეტაძე და მამარდაშვილები. უბრალოდ, მარტო დინამოს აკადემია არ უნდა იყოს და სხვა აკადემიებმაც უნდა შეუქმნან ფეხბურთელებს შესაბამისი პირობები, რათა ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭი განავითარონ."
— ამ ფეხბურთელებთან ერთად, თქვენც განვითარდით და უკვე ეროვნული ლიგის კლუბში მუშაობთ...
— "ეროვნულ ლიგაში პირველად ვმუშაობ, თუმცა აქ მუშაობა არ მიჭირს, რადგან დინამოს აკადემიაში ყველა ეტაპი გავიარე და ახალი გამოწვევები მივიღე. რომ მოვედი სამტრედია ბოლო ადგილზე იყო. ჩემს ფეხბურთელებთან ერთად იმდენი შევძელი, რომ გადარჩენისთვის ბრძოლას დავუბრუნდით, თუმცა ეს ჯერ არაფერია და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ შეგვიძლია ერთად დაწყებული საქმე წარმატებით დავასრულოთ."
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









