ნაპოლიმ სერია ა-ს 23-ე ტურში ჰელას ვერონა ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, შეხვედრის 87-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა. ამ წელს ხვიჩასთვის ეს პირველი გოლი იყო, რითაც საკმაოდ დიდი უგოლო სერია დაასრულა.
La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში ვკითხულობთ: „ამ კვირაში ჯიჯი რივას ჯილდო, რომელიც ყველაზე მქუხარე გოლის ავტორს ენიჭება, გადაეცემა ხვიჩა კვარაცხელიას, შესანიშნავი და ძლიერი შორეული დარტყმისთვის. ულამაზესი და გადამწყვეტი გოლი, რითაც კვარამ საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია მისი სრულყოფილი კოორდინაცია: ოდნავ მარჯვნივ გადახრილ სხეულს, ხვიჩა მარცხენა ხელით აბალანსებს. მართალია ჯიჯი რივა ცაცია იყო, მაგრამ ამ გოლს ის მაინც დააფასებდა. მარჯვენას და მარცხენას რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ხომ შესრულებაა".
ნაპოლიმ ამ გამარჯვებით ცხრილში მე-7 ადგილზე გადასვლა მოახერხა, მოაგროვა 35 ქულა და ოთხეულთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. ხვიჩასთვის კი ამ სეზონზე მე-6 გატანილი გოლი იყო.









