არცერთი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან: "ბოლო პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელები ნაკრებში ხშირად გვყავდა ხოლმე, ახლა ისე მოხდა, რომ არავინ არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებისთვის საკმარისად კარგები არ არიან, უბრალოდ კონკურენცია დიდია."
სომხეთთან შანსებზე: "ეს კავკასიური დერბია და მსგავს მატჩებს ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს. ორივე ნაკრებისთვის მძიმე მატჩი იქნება. სომხეთის ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მწვრთნელი შეიცვალა და შეუძლია, რომ ნაკრები სხვა დონეზე გადაიყვანოს. ჩემი ფეხბურთელები საბრძოლველად და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ მზად არიან. ხვალ ბედნიერი მხოლოდ ერთი ნაკრები დარჩება და იმედია, ეს საქართველო იქნება."
ნაკრების ტაქტიკაზე: "გეთანხმებით, ცვლილებების დრო ტაქტიკაში ნამდვილად მოდის, მაგრამ ხვალ ჩვენი ამოცანა ასეთია - 11-ვე ფეხბურთელი იქნება შეტევაშიც და დაცვაშიც. ბოლო წლეებში, 3-5-2 ტაქტიკა წარმატებით გამოვცადეთ, თუმცა ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და შეუძლებელია, ამდენი ხანი ერთი და იგივე აკეთო."
კვარას დანაკლისზე: "კვარაცხელიას გარეშე თამაში ადვილი არ არის, რადგან ის უნიკალურია, თუმცა ბევრჯერ აღვნიშნე, რომ მთავარია მოედანზე როგორი დისციპლინით გავალთ და როგორ ვიქნებით ბურთთან უშუალოდ მინდორზე. სახელები გასაგებია, მაგრამ მთავარია, მოედანზე თავს ვინ როგორ წარმოაჩენს. პირველ წუთებში თამაშს აქტიურად ვერ ვიწყებდით, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ხვალ თამაში თავიდანვე ინტენსიურად დავიწყოთ."
ლეგიონერების წარმატებული მატჩები: "სასიხარულოა, რომ ჩემი ფეხბურთელები ასეთ კარგ ფორმაში იმყოფებიან, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია და ხვალ, მოედანზე უნდა დამტკიცდეს, რომ ისინი სანაკრებო თამაშებისთვისაც მზად არიან."
გულშემატკივრებზე: 2022 წლიდან მოყოლებული, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა გასვლით თამაშებზეც გვაქვს, რაც ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩვენსა და ფანებს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც საჭირო იყო. ვცდილობთ, რომ მათ გასახარად, უფრო მეტად დავიხარჯოთ".









