მატჩის პირველი ტაიმი ისე დასრულდა, რომ ბაიერნმა კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. ტუხელის გუნდმა ერთადერთი სახიფათო მომენტი ჯარიმის საშუალებით შექმნა - საინტერესოდ გათამაშებული სტანდარტი, ლეროი ზანეს დარტყმით დასრულდა, რომელიც პროვედელის კარს ოდნავ ასცდა. რაც შეეხება მასპინძელ გუნდს, ლაციოს ცუდი ტაიმი არ ჰქონდა. სარის გუნდმა არაერთი საინტერესო და სწრაფი შეტევა შემოგვთავაზა. ფანების მხარდაჭერას ფეხბურთელები გრძნობდნენ, რაც მოედანზეც კარგად აისახა - "არწივები" ყველა მომენტისთვის ბოლომდე იბრძოდნენ.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - მოედნის ცენტრში გაუთავებელი ბრძოლა, ბაიერნის არშემდგარი შეტევები და ლაციოს ჭკვიანური მოქმედებები. სარის გუნდმა პირველი სახიფათო მომენტი ძალიან მალე შექმნა, ცენტრში ლუის ალბერტოს ჯადოქრობას, ესპანელის სუპერ გადაცემა მოჰყვა, რითაც ისაქსენი ნოიერთან პირისპირ აღოჩნდა, თუმცა გერმანელმა კიპერმა საკუთარი გუნდი იხსნა. ამის შემდეგ ბაიერნმა რამდენჯერმე სცადა საინტერესო კომბინაციის გათამაშება, თუმცა ისევ უშედეგოდ.
67-ე წუთზე კი შეხვედრის გარდამტეხი მომენტი დადგა - ჩირო იმობილეს წამოწყებულ დრიბლინგს, მიუნხენელებმა ვერაფერი მოუხერხეს, შემდეგ იყო პასი ისაქსენზე და უპამეკანოს უხეში თამაში - პირდაპირ წითელი ბარათი და დანიშნული თერთმეტმეტრიანი. პენალტის ნიშნულთან რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ჩირო იმობილე მივიდა, რომელმაც დარტყმა იდეალურად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 1-0.

მატჩის ბოლომდე ლაციომ ბაიერნს ბურთი დაუთმო, თუმცა ამით ტუხელის გუნდმა მაინც ვერ ისარგებლა - 90 წუთი და ნული კარში დარტყმა. სარის გუნდმა ძალიან დიდი გამარჯვება მოიპოვა, რაც გუნდს განმეორებითი მატჩის წინ, დიდ მუხტს მისცემს.
მეორე მატჩი გერმანიაში, 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 წუთზე გაიმართება.









