ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლისა გარდაიცვალა.
ლევან თედიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიუნხენის (1972 წ.) და მონრეალის (1976 წ.) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იყო. ის იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელმაც ჩემპიონის ტიტული 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 კგ. და 90 კგ. ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ. წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971 - 1975 წ.წ.), ერთხელ სამბოში (1973 წ.);
ლევან თედიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრია.
ის ასევე იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978 წ.), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973 წ.), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974 - 1978 წ.წ.), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971 წ.), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973 - 1974 წ.წ.), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973 წ.), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.
2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ლეგენდარული სპორტსმენი ერთიანი საქართვლოსთვის რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთში შვილთან ერთად იბრძოდა. 19 წლის ვახტანგ თედიაშვილი 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა, რომელიც დამწვარი თვითმფრინავის მშველელთა რიცხვში იყო.
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა









