ლიონის ოლიმპიკი ყოველთვის იყო გამორჩეული იმით, რომ ამ გუნდს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა. ასე თითქმის ყველა დეკადაში იყო. გავიხსენოთ "ლომების" საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ათწლეულიდან და ბოლოს მიმდინარე დეკადასაც შევეხოთ.
1960-იანები - ათვლა დავიწყოთ 60-იანებიდან, როდესაც რონელთა შემადგენლობაში ბრწყინავდა გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი - ფლორი დი ნალო. საუბარია ფორვარდზე, რომელმაც ჟერლანზე 1960-1974 წლებში 222 ბურთი შეაგდო. დიახ, მისი მიღწევა დღემდე ხელშეუხებელია.
1970-იანები - შემდეგ დეკადაში ზემოთხსენებული ფრანგი თავდამსხმელის ბომბარდირული მემკვიდრეობა ბერნარ ლაკომბმა და სერჟ კიეზამ გადაიბარეს. რომელია მათ შორის უფრო დიდი? ალბათ უფრო პირველი, რადგან მან თავის მეწყვილეზე 17 ბურთით მეტი შეაგდო (149:132). ამის გარდა, ფრანგი ფორვარდი იყო ეროვნული გუნდის რეგულარული წევრი, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელზე.
დიახ, ოლიმპიკ ლიონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მოგვიანებით გადავიდა სენტ-ეტიენში, რითაც დაიმსახურა ქომაგების განრისხება, მაგრამ ობიექტურად, მასზე დიდებული იმ პერიოდში არავინ ყოფილა. ერთი სიტყვით, პირველ პოზიციაზე ლაკომბი, მეორეზე კი კიეზა.
1980-იანები - დეკადა, რომელშიც ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა რთულია, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ლორენ ფურნიე უნდა დავასახელოთ. სწორედ ის თამაშობდა 80-იანების "ლომებში" ყველაზე დიდხანს (1980-1998) და ამ დროის მანძილზე მან 261 შეხვედრაში 28 ბურთი შეაგდო.
1990-იანები - დეკადა, რომელიც რაღაც გრანდიოზულის მომასწავებელი იყო. რონელთა ოქროს ეპოქა დაიწყება 2000-იანებში, თუმცა იქამდე, ამ კლუბში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე გაიბრწყინებს. პირველ რიგში გამოსარჩევია ლუდოვიკ ჟიული, რომელიც ბევრისთვის ასოცირდება ბარსელონასა და მონაკოსთან, მაგრამ პირველ დიდ წარმატებას მან ჟერლანზე მიაღწია.
2000-იანები - დიახ, საუკეთესო პერიოდი ოლიმპიკ ლიონის ეპოქაში. ზედიზედ შვიდი ჩემპიონობა (დღემდე რეკორდული შედეგი) და უამრავი ვარსკვლავი. იმ დროს "ლომებში" ბრწყინავდა ქარიმ ბენზემასა და ჰატემ ბენ არფას დუეტი, ასევე უგო ლორისი, ერიკ აბიდალი, მიქაელ ესიენი და ბევრი სხვა.
შთამბეჭდავი სიაა, თუმცა თითოეული მათგანისთვის რონული გუნდი გამოდგა მხოლოდ ტრამპლინი, მაშინ, როდესაც ჟუნიონიო პერნამბუკანომ აქ კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. ულაპარაკოდ, 00-იანების ჟერლანი ყველაზე მეტად სწორედ ჯარიმების მეფესთან ასოცირდება.
2010-იანები - დეკადა, რომელშიც ლიგა 1-ის სამეფო ტახტი ოლიმპიკ ლიონმა პარის სენ-ჟერმენს გადაულოცა. დომინაცია დასრულდა, თუმცა დიდი მოთამაშეები "ლომებში" მაინც პერიოდულად ჩნდებოდნენ. პირველ რიგში გამოსარჩევია ალექსანდერ ლაკაზეტი, რომელიც დი ნალოს შემდეგ, რონელთა ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.
2020-იანები - ამ მომენტისთვის გამოკვეთილი კანდიდატურა არის მხოლოდ ერთი - გიორგი მიქაუტაძე. ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელმაც ჟერლანზე დაბრუნებით ბავშვობის ოცნება აიხდინა. ქართველი ფორვარდი კონცენტრირებულია მხოლოდ მშობლიურ კლუბზე, სხვაგან გადასვლა კი არც განიხილება.
გრუპამა სთეიდიუმის ბინადრების თავდამსხმელს ჰქონდა არაერთი შემოთავაზება ევროპის ტოპ ხუთ ლიგიდან, თუმცა ის არსად წავიდა. ფინანსურ კრიზისშიც კი, 24 წლის ფორვარდი პაულო ფონსეკას გუნდს არ ტოვებს. თუ ასე გაგრძელდა, ის ულაპარაკოდ გახდება ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე ლიონში.









