ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ მოჰამედ სალაჰი კლუბის განკარგულებაში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტისა და განის მატჩში მერსისაიდელთა ლიდერმა მიიღო ტრავმა, რის შემდეგაც გერმანელმა ტაქტიკოსმა მოითხოვა მისი დაბრუნება, იმისთვის, რომ მოთამაშეს აღდგენითი პროცესი გაევლო კლუბში და არა ეროვნული ნაკრების ბანაკში.
აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა "ფარაონთა" მთავარმა მწვრთნელმა, რუი ვიტორიამ, რომელსაც ერჩივნა, რომ მისი გუნდის ათიანი სწორედ ნაკრების განკარგულებაში დარჩენილიყო. "წითლების" დამრიგებელმა თავის პორტუგალიელ კოლეგას უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავარი ამ შემთხვევაში 31-წლის ფორვარდის დროული გამოჯანმრთელებაა.
"ლივერპულისა და ეგვიპტის ნაკრების ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს - ჩვენი მიზანია სალაჰისთვის ტრავმის მოშუშება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, აფრიკაში დარჩენის შემთხვევაში კი მისი აღდგენითი პროცესი გაიწელებოდა. მო კლუბში მიიღებს საუკეთესო სამედიცინო დახმარებას, რაც მას აფრიკის თასზე დაბრუნებას შანსსაც მისცემს.
იმ შემთხვევაში, თუ "ფარაონები" გავლენ ფინალში და მათი ლიდერი იქნება მწყობრში, ის აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა 56-წლის ტაქტიკოსმა. შეგახსენებთ, ეგვიპტის მეტოქე 1/8 ფინალში იქნება კონგო, მატჩი 28 იანვარს გაიმართება. ფინალი ჩანიშნულია 11 თებერვალს, მაგრამ იქამდე "ფარაონებს" პლეი-ოფის 3 ეტაპის გადალახვა მოუწევთ.









