უემბლიზე დღეს საოცრად დაძაბული თასის ფინალი ვიხილეთ - ლივერპული სახლში ტიტულით ბრუნდება!
მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ წინ საინტერესო შეხვედრა გველოდებოდა. პირველი 100%-იანი მომენტი პოჩეტინოს გუნდმა შემოგვთავაზა - მე-20 წუთზე პალმერს საკმაოდ კარგი მომენტი შეექმნა, თუმცა კელეჰერმა საკუთარი კარი საოცარად იხსნა.
შემდეგ იყო კაისედო-გრავენბერხის მომენტი, რა დროსაც ნიდერლანდელმა კოჭის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამ ეპიზოდზე რეაგირება არც მსაჯს ჰქონია და არც ვიდეო მსაჯის ოთახს, კაისედო ბარათს გადაურჩა. გრავენბერხი კი ლივერპულის ტრავმირებულთა სიას შეუერთდა.
შემდეგ კი ვიხილეთ გოლი, თან რაჰიმ სტერლინგის, რომელმაც ყოფილ გუნდს გაუტანა, თუმცა, როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, საგოლე გადაცემის ავტორი, ნიკოლას ჯექსონი, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, ეს გოლი გაუქმდა. გუნდები შესვენებაზე უგოლო ფრით გავიდნენ.
მეორე ტაიმი ისევ აქტიურად დაიწყო, რასაც მალევე ვან დაიკის გოლიც მოჰყვა, თუმცა, როგორც პირველ ტაიმში, ვიდეო რეფერიმ ეს გოლიც გააუქმა. შემდეგ იყო კონორ გალაჰერის დარტყმული და მორიგი ძელი. ამდენი მომენტი და ისევ 0:0, უემბლიზე ცოტა დაუჯერებელი რაღაცები ხდებოდა.
საბოლოოდ, 90 წუთის განმავლობაში გატანილი გოლი ვერ ვნახეთ და დაინიშნა ორი 15 წუთიანი დამატებითი ტაიმი. პირველ ექსტრა ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არ გვინახავს, რაც შეეხება მეორე ტაიმს, ლივერპულს ისევ ვან დაიკმა ულიდერა - შეხვედრის 118-ე წუთზე, ციმიკასის ჩამოწოდებულ კუთხურს, 32 წლის მცველი კარგად გამოეხმაურა და პეტროვიჩს აუღებელი თავური დაურტყა, უემბლიზე "წითლებმა" ზეიმი დაიწყეს!
2023/24 სეზონის ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული ლივერპული გახდა. მერსისაიდულმა კლუბმა ეს ტიტული უკვე მეათედ აღმართა.
Carabao Cup
ლივერპული ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულია!









