ჯეკ გრილიში გადავიდა ევერტონში, რაც ნიშნავს იმას, რომ მანჩესტერ სიტიში 10 ნომერი გახდა ვაკანტური, თუმცა სულ მცირე ხნით. უკვე დადასტურდა, რომ ამ სეზონიდან "ქალაქელთა" ახალი მე-10 ნომერი ლიონიდან გადმოსული რაიან შერკი იქნება. City Football Group-ის ეპოქაში ფრანგი ფლეიმეიქერი ეტიჰადის ბინადრების რიგით მეხუთე 10-იანად გვევლინება.
ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, რობინიო დე სოუზას იმ დროისთვის რეკორდული ტრანსფერით მან სიტისთვის. სკანდალურ თავდამსხმელზე ამყარებდნენ დიდ იმედებს, მაგრამ ბრაზილიელმა ფორვარდმა მანჩესტერელ ქომაგებს იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანა. მის შემდეგ, "ქალაქელებში" 10 ნომერი ედინ ჯეკომ მოირგო.
მართალია, ბოსნიელი თავდამსხმელი ეტიჰადზე ვერ გამოდგა ისეთი ეფექტური, როგორიც მოგვიანებით იყო თუნდაც რომაში, თუმცა თავისი კვალი მან მაინც დატოვა. სიტის აბსოლუტური ლეგენდა კი არის ის, ვინც 10 ნომერი გახდა "ჯალოროსის" ყოფილი კაპიტნის შემდეგ და ეს ფეხბურთელი სერხიო აგუერო გახლავთ.
მანჩესტერული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი - არგენტინელმა თავდამსხმელმა "ქალაქელებში" წარუშლელი ისტორია დაწერა. ბევრმა არ იცის ის ფაქტი, რომ ინგლისურ კლუბში 10 ნომრით გიორგი ქინქლაძეც ასპარეზობდა.
მეინ როუდის ბინადრებთან ერთად პრემიერ ლიგაში გატარებულ ერთადერთ სეზონში ქართველი გამთამაშებელი იყო შვიდიანი, თუმცა შემდეგ, მან ნომერი შეიცვალა. არ უნდა დაგვავიწყდეს შონ გოუტერიც, რომელიც თბილისის დინამოს აღზრდილი ფლეიმეიქერის მსგავსად, სიტის ბნელ დროს გადამრჩენელად მოევლინა.
მანჩესტერ სიტის გამორჩეული 10-იანები
| ფეხბურთელი | შედეგი | წლები |
| სერხიო აგუერო | 390 მატჩი, 260 გოლი | 2011-2021 |
| ედინ ჯეკო | 189 მატჩი, 72 გოლი | 2011-2015 |
| შონ გოუტერი | 209 მატჩი, 102 გოლი | 1998-2003 |
| ჯეკ გრილიში | 157 მატჩი, 17 გოლი | 2021-2025 |
| გიორგი ქინქლაძე | 121 მატჩი, 22 გოლი | 1995-1998 |
| რობინიო დე სოუზა | 53 მატჩი, 16 გოლი | 2008-2010 |









