მანჩესტერ იუნაიტედში რომ პორტუგალიელის ვარიანტს სერიოზულად განიხილავდნენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. ინგლისური კლუბის უფროსობამ ფარულად რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებები გამართა და ამ სიაში იყო სპორტინგის მთავარი მწვრთნელიც. ახლა კი როგორც ირკვევა, ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელად სწორედ ის მოიაზრება.
მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა მანჩესტერში სჯერათ, რომ რუბენ ამორიმი მათი ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს საათებში გახდება. სპორტინგი ყველაფრის საქმის კურსშია, თუ მანჩესტერი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, პორტუგალიური კლუბი ამორიმს ავტომატურად შეელევა.
ამორიმი სპორტინგში 2020 წლიდან მოყოლებული მუშაობს. ამ დროში პორტუგალიელმა 227 მატჩში უხელმძღვანელა "მწვანეებს", საიდანაც 161 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 33 მატჩში დამარცხდა. ოთხ წელიწადში პორტუგალიელმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობა იზეიმა, 3-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ერთხელ სუპერ თასსაც დაეუფლა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











