რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, მანჩესტერ სიტიში 2026 წლისთვის მზადებას უკვე აქტიურად შეუდგნენ. პეპ გვარდიოლას გუნდს როგორც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, ისე ზაფხულიც საკმაოდ აქტიური ექნება.
ანტუან სემენიოსა და ელიოტ ანდერსონის გარდა, "ქალაქელები" ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტით, მაგნე აკლიუშითაც სერიოზულად ინტერესდებიან!
მანჩესტერ სიტიში თვლიან, რომ მაგნე აკლიუშის დამატებით გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ისიც კარგად იციან, რომ 23 წლის ვინგერის ყიდვა მარტივი არ იქნება. მონაკო ახალგაზრდა ფეხბურთელს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებს, რასაც სხვა ტოპ კლუბების ინტერესიც ემატება. მაგნე აკლიუშის სიტუაციას ევროპული გრანდები ყურადღებით აკვირდებიან და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ფრანგი ფეხბურთელი 2026 წელს მონაკოს აუცილებლად დატოვებს.
მაგნე აკლიუში მონაკოს აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2022 წლიდან მოყოლებული იცავს. ფრანგმა შემტევმა ამ დროში 115 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 19 გოლი და 21 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. მაგნე აკლიუშს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი მოუგროვდა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.









