ასტონ ვილა V ბაიერნი
ასტონ ვილას თავის კოლექციაში ჩემპიონთა ლიგის თასი მოპოვებული აქვს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც აღნიშნული ტურნირი სხვა სახელითა და ფორმატით იმართებოდა. ბირმინგემელები ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე 1982 წელს ავიდნენ, ფინალში მათი მეტოქე სწორედ ბაიერნი იყო. ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევა, როდესაც "ვილანებმა" ევროსეზონი ტრიუმფით დაასრულეს.
ჩემპიონობის მომდევნო წელს, "ლურჯ-წითლები" მეოთხედფინალში ტურინის იუვენტუსთან დამარცხდნენ. იმის შემდეგ, ეს გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასვლას 41 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა. გარდატეხა მოხდა შარშან, როდესაც ვილა პარკის ბინადრები პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიციაზე გავიდნენ.

ასტონ ვილას დაბრუნება შთამბეჭდავი გამოდგა - პირველ ტურში იანგ ბოიზი გაანადგურეს. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ეს გუნდი მოწინააღმდეგეს, რომლისთვისაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა სახლის ეზოში გასეირნებასავით არის. მიუნხენელებმა ეს დაამტკიცეს პირველ ტურშიც, როდესაც ზაგრების დინამო 9:2 გაანადგურეს.
"რეკორდმაისტერი" ფავორიტი იქნება ბირმინგემელებთანაც და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში ის, რომ ეს გუნდი ზოგადად არის ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. ამის გარდა, ბავარიელებმა ახალი სეზონი მართლაც შთამბეჭდავად დაიწყეს. ბოლო მიზეზი კი ჰარი კეინია, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე "ვილანებს" 13 მატჩში 8 ბურთი გაუტანა. გამოსარჩევია ისიც, რომ მისი თამაში საეჭვოა.

ლილი V რეალი
აღნიშნული შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევდა ძმების დაპირისპირების გამო. რეალში თამაშობს კილიან მბაპე, ლილში კი მისი ძმა, ეთანი. აღნიშნული დუელი არ შედგება, მადრიდელთა ფორვარდის თამაში ტრავმის გამო საეჭვოა, "წითლების" შუახაზელის კი საერთოდ გამორიცხულია. ამის მიუხედავად, მადრიდელების შეხვედრა ლიგა 1-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ყოველთვის საინტერესოა.
ქართველი ლეგიონერები
გურამ კაშიამ უკვე ჩაატარა თავისი შეხვედრა - ბრატისლავის სლოვანი საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტისთან განადგურდა. დღეს, მოედანზე ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოვლენ. შტურმ გრაცის მეტოქე სახლში ბრიუგე იქნება, დონეცკის შახტარი კი ბერგამოს ატალანტას მიიღებს.

მატჩების განრიგი:
20:45 - შახტარი-ატალანტა
20:45 - ჟირონა-ფეიენოორდი
23:00 - ასტონ ვილა-ბაიერნი
23:00 - ლაიფციგი-იუვენტუსი
23:00 - ლილი-რეალი
23:00 - ლივერპული-ბოლონია
23:00 - ბენფიკა-ატლეტიკო
23:00 - დინამო ზაგრები-მონაკო
23:00 - შტურმი-ბრიუგე











