სეზონი უახლოვდება თავის დასასრულს, თუმცა ინტრიგა პრაქტიკულად ყველა ტოპ ჩემპიონატში არის შენარჩუნებული. დღეს გაირკვევა, შეძლებენ, თუ არა ქართველი ლეგიონერები ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ში დარჩენას. საუბარია ბუდუ ზივზივაძესა და ზურიკო დავითაშვილზე.
ბრძოლა ბუნდესლიგაში დასარჩენად
ბუნდესლიგის დასრულებამდე რჩება ერთი ტური, ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი კი რჩება ამოცანის წინაშე - უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გარანტირებულად თუ პლეიოფის თამაში მე-2 ბუნდესლიგის წარმომადგენელთან. 33 ტურის შემდეგ, ბადენელები 29 ქულით მე-16 პოზიციაზე არიან.
მე-17 და მე-18 ადგილზე მყოფი ჰოლშტაინ კილი და ბოხუმი "როთბლაუსს" ვეღარ გადაასწრებენ, მე-15 და მე-14 ადგილზე მყოფ ჰოფენჰაიმსა და სანქტ პაულისთან კი ფრანკ შმიდტის გუნდს ბრძოლა შეუძლია. ორივე კლუბს 32-32 ქულა აქვს. რაც შეეხება გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურს, ფოიტ-არენას ბინადრების მეტოქე ბრემენის ვერდერი იქნება.
ჰაიდენჰაიმის მსგავსად, მოტივაციის ნაკლებობას არც "მუსიკოსები" განიცდიან, რომლებიც კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ. როგორც აღვნიშნეთ, მე-16 პოზიციაზე დარჩენის შემთხვევაში, ბადენელები პლეიოფს მე-2 ბუნდესლიგაში მე-3 პოზიციაზე გასულ კლუბთან ითამაშებენ.
ბრძოლა ლიგა 1-ში დასარჩენად
ზივზივაძის ჰაიდენჰაიმის მსგავს მდგომარეობაშია სენტ-ეტიენიც, თუმცა უფრო ჩახლართულად. საფრანგეთის ერთ დროს ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეუძლია ლიგა 1-დან როგორც გავარდნა, ისე ადგილის შენარჩუნება და პლეიოფის თამაშიც. 33 ტურის შემდეგ, რონელები 30 ქულით მე-17 პოზიციაზე არიან.
მე-14 და მე-15 ადგილებზე მყოფ ნანტსა და რეიმსამდე არის სამი ქულა, საპლეიოფო, მე-16 ადგილზე მყოფ ლე ავრამდე კი მხოლოდ 1. "ლეს ვერტსის" მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში იქნება ტულუზა, რომელიც არაფრისთვის იბრძვის. ცხადია, გადამწყვეტ შეხვედრაში გიშარის ბინადართა ძირითადში ქართველი ვინგერიც იქნება.
შაბათის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 17:30 | ჰოფენჰაიმი-ბაიერნი | ბუნდესლიგა |
| 17:30 | ჰაიდენჰაიმი-ვერდერი | ბუნდესლიგა |
| 18:15 | დეპორტივო-გრანადა | ლა ლიგა 2 |
| 19:30 | კრისტალ პალასი-მანჩესტერ სიტი | ასოციაციის თასის ფინალი |
| 23:00 | პსჟ-ოსერი | ლიგა 1 |
| 23:00 | ლიონი-ანჟე | ლიგა 1 |
| 23:00 | სენტ-ეტიენი-ტულუზა | ლიგა 1 |
| 03:30 | ატლანტა-ფილადელფია | MLS |









