ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურის დარჩენილი ცხრა მატჩი და ცენტრალური დაპირისპირება რეალ მადრიდი - მანჩესტერ სიტის სახით. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
რეალ მადრიდი V მანჩესტერ სიტი
წლევანდელი სეზონის რეალი ბევრ კითხვას ტოვებს. ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდს თავის განკარგულებაში ჰყავს საუცხოო ფორმაში მყოფი კილიან მბაპე, ასევე ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე, არდა გიულერი და კიდევ სხვა არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი.
ამის მიუხედავად, მადრიდულმა გუნდმა უკანასკნელ შვიდ მატჩში გამარჯვება მხოლოდ ორში მოიპოვა. შედეგად, დაკარგული პირველი პოზიცია პრიმერა დივიზიონში, ისე რომ ბარსელონასთან ჩამორჩენა უკვე 4 ქულას შეადგენს. რაც შეეხება ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს, ბერნაბეუს ბინადრები ლიდერებს შორის არიან.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ, ჩაბი ალონსოს გუნდმა 12 ქულა მოაგროვა. არსებობს მოსაზრება, რომ მან სიტისთან წაგების შემთხვევაში, ესპანელ დამრიგებელს გაუშვებენ, მაგრამ ცხადია, დაზუსტებით ამის თქმა რთულია. ბოლოს კი მთავარი პრობლემა რეალის მხრიდან: 7 ტრავმირებული მოთამაშე.
რაც შეეხება მანჩესტერულ გუნდს, გასულ სეზონში დატრიალებულმა კრიზისმა ჩაიარა, თუმცა 2023 წლის საჩემპიონო კონდიციებამდეც შორია. "ქალაქელები" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ლიდერ ლონდონის არსენალს ჩამორჩებიან 5 ქულით, ინგლისის ჩემპიონატში კი 2-ით. მადრიდელთა დამრიგებლისგან განსხვავებით, პეპ გუარდიოლას პოსტს არაფერი ემუქრება.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით მე-15 მატჩი - ექვსჯერ იმარჯვეს "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებმა, ოთხჯერ - ეტიჰადის ბინადრებმა, ოთხი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. რეალისა და სიტის დუელში საუკეთესო გოლეადორი არის ქარიმ ბენზემა, რომელმაც 6 ბურთის გატანა შეძლო.
ოთხშაბათის მატჩის დღე
| ვილიარეალი - კოპენჰაგენი | 21:45 |
| ყარაბაღი - აიაქსი | 21:45 |
| რეალ მადრიდი - მანჩესტერ სიტი | 23:55 |
| ბილბაო - პსჟ | 23:55 |
| ბრიუგე - არსენალი | 23:55 |
| ბენფიკა - ნაპოლი | 23:55 |
| იუვენტუსი - პაფოსი | 23:55 |
| ლევერკუზენი - ნიუკასლი | 23:55 |
| დორტმუნდი - ბოდო გლიმტი | 23:55 |









