მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კულმინაციას უახლოვდება. დღეს, საქართველოს ნაკრები თურქეთთან გადამწყვეტ მატჩს გამართავს და აუცილებლად მოგება გვჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნოთ.
თავიდანვე ცალსახა იყო, რომ ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის საქართველო და თურქეთი იბრძოლებდნენ. სამწუხაროდ, ამ ნაკრებების პირველი დაპირისპირება თბილისში თურქეთმა მოიგო, რითიც საქმე გართულდა და თურქეთში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება.
ესპანეთთან წაგებულ მატჩში ვილი სანიოლი კვლავ 5 მცველიან ტაქტიკაზე გადაეწყო, მაგრამ ვინაიდან დღეს მხოლოდ მოგება გვინდა, ისევ 4 მცველიან და შემტევ ტაქტიკას უნდა ველოდოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის ნაკრებმა ბულგარეთს უშანსოდ მოუგო, თან ისე უშანსოდ, რომ ბურთების სხვაობაში წონასწორობა აღადგინა და გაგვითანაბრდა.
ამ საუკუნეში თურქეთი და საქართველოში ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 5 თურქეთმა მოიგო, ერთი საქართველომ, ერთი კი ფრედ დასრულდა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ამ მატჩში ჩემი მოთამაეებისგან ველოდები, რომ 90 წუთი იქნება ის აგრესია, რაც აუცილებელი იქნება შედეგის მისაღწევად. ყველაფერი პირველად ხდება - კარგად გახსოვთ წინა წლის ისტორიული მომენტი, როცა ევროპის ჩემპიოანტზე ვითამაშეთ. ფეხბურთი ამიტომაა უნიკალური, რომ ისტორიები იწერება და დღესაც იგივეს უნდა ველოდოთ. თანამედროვე ფეხბურთში მთავარი ტაქტიკა არ არის, მთავარია მიდგომა. თუ კონკრეტული მატჩის მიმართ იქნება სწორი მიდგომა, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტაქტიკით ითამაშებ."
ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):"ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ძალები აღვიდგინეთ და აქტიურად ვემზადებით, რომ ამ მნიშვნელოვან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ. თუ მსოფლიო ჩემპიოანტზე გასვლა გვინდა, ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.უბრალოდ უნდა ვიწამოთ, რომ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება შეგვიძლია და ერთობლივი ძალებით ყველაფერი შესაძლებელია"
ვინჩენცო მონტელა (თურქეთის ნაკრების მწვრთნელი): "ზოგადად, ყველა სანაკრებო მატჩი რთული და მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, დღესაც ასე იქნება. მითუმეტეს, საქართველოს მოგება სჭირდება, ისინი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებენ და რთული თამაში გველის. ერთმანეთს ერთი თვის წინ შევხვდით და ისიც მძიმე თამაში იყო. 3:0 ვიგებდით, როცა ორი ბურთი გავუშვით. ხვალ იგივე შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ"
თურქეთი - საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი, საკვალიფიკაციო ეტაპი
14 ოქტომბერი, 22:45
კოჩაელის სტადიონი, თურქეთი
მთავარი მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა









