დღეს, 28 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე კონფერენს ლიგის ფინალში ჩელსი რეალ ბეტისს დაუპირისპირდება. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო აღნიშნული შეხვედრის გარშემო.
ბეტისი VS ჩელსი | 23:00
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეხუთე დაპირისპირება. პირველად ჩელსი და რეალ ბეტისი ერთმანეთს შეხვდნენ თასების მფლობელთა თასის 1997/98 წლების 1/2 ფინალში, სადაც ორივე შეხვედრა ინგლისურმა კლუბმა მოიგო. ლონდონელები მოგვიანებით გახდებიან ჩემპიონებიც, ფინალში შტუტგარტის დამარცხებით.
მათი შემდეგი დუელი გაიმართა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, 2005/2006 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ერთ მატჩში იმარჯვეს "არისტოკრატებმა", ერთში კი სევილიელებმა. საინტერესოა, რომ მათთან ერთად, იგივე ჯგუფში ლივერპულიც იყო. დიახ, ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ვერ ხვდებოდნენ ერთ ჯგუფში, მაგრამ საქმე ისაა, რომ მერსისაიდელები ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორების სტატუსით იყვნენ.
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის გამარჯვებული მომავალ სეზონში ითამაშებს ევროპა ლიგაზე, თუმცა სტემფორდ ბრიჯის ბინადრებისთვის ეს სულაც არ არის მოტივაცია, რადგან ინგლისის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე გასვლით, მათ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვიხილავთ.
საინტერესოა, რომ ენცო მარესკას შეგირდების გამარჯვების შემთხვევაში, მისი გუნდის ტიტულების კოლექცია მეხუთე განსხვავებული ევროთასით შეივსება. ჩელსის აქამდე მოუგია ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, სუპერ თასი და როგორც აღვნიშნეთ, თასების თასიც. ვნახოთ, რა მოხდება კონფერენს ლიგის მიმართებაში.
ბოლოს კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი - მარესკამ თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი გაატარა სევილიაში, რომლის შემადგენლობაში მან 2005-2009 წლებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. "ვერდიბლანკოსთან" მოგება იტალიელი დამრიგებლისთვის პრინციპის საქმე იქნება.









