დღეს, 15 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩები. პარის სენ-ჟერმენი ესტუმრება ბირმინგემის ასტონ ვილას, ბარსელონა კი დორტმუნდის ბორუსიას. განვიხილოთ ორივე შეხვედრა.
ასტონ ვილა V პსჟ (1:3) | 23:00
აღნიშნული გუნდების პირველი დაპირისპირება დასრულდა პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1. ვიხილეთ პირველი ქართული გოლი მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში, რომლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია არის. ახალგაზრდა ვინგერმა უბრალოდ შანსი არ დაუტოვა ვილას უკანახაზელებსა და გოლკიპერს, ემი მარტინესს.
დღევანდელ მატჩში ქართველი გარემარბი კვლავ იქნება სასტარტო შემადგენლობაში და ის გოლის გატანას ამჯერად ბირმინგემში ეცდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ პსჟ-სა და "ვილანების" წყვილში მოგებული მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში მადრიდის რეალსა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
პარიზის შემადგენლობა ოპტიმალურია, ნული დანაკლისი, "ლომების" მხრიდან კი არ იქნებიან დონიელ მალენი და ანდრეს გარსია. ასევე კითქვის ნიშნის ქვეშ დგას ლეონ ბაილის თამაშიც.
დორტმუნდი V ბარსელონა (0:4) | 23:00
დაპირისპირება, რომელშიც ყველაფერი პრაქტიკულად გარკვეულია. პირველ მატჩში ბარსელონამ დორტმუნდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელებმა 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავოს. დღესაც ყურადღების ცენტრში იქნება რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც თავისი ყოფილი კლუბის კარში მორიგი ბურთის გატანას ეცდება.
ცნობისთვის, პოლონელმა თავდამსხმელმა ბორუსიადან წასვლის შემდეგ, თავის გუნდს სხვადასხვა დროს გაუტანა 29 გოლი, რაც მისი საუკეთესო შედეგია. ამის გარდა, ფეხბურთის ისტორიაში არცერთ მოთამაშეს არ გაუტანია თავისი ყოფილი კლუბისთვის იმდენი ბურთი, რამდენიც "ბლაუგრანას" ფორვარდმა ვესტფალიელებს შეუგდო.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" დღევანდელ მატჩში არ ეყოლებათ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ალეხანდრო ბალდე, მარკ კასადო და მარკ ბერნალი. "შვარცგელბენს" კი მარსელ საბიცერი, ნიკო შლოტერბეკი და ფილიპო მანე. ამ წყვილში მოგებული 1/2 ფინალში მიუნხენის ბაიერნსა და მილანის ინტერს შორის ერთ-ერთს შეხვდება.









