პრემიერ ლიგა
დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები. ლონდონის ჩელსი ესტუმრება ვულვერჰემპტონს, ლივერპული კი საკუთარ კედლებში ბრენტფორდს მიიღებს. "არისტოკრატების" სტარტი წარუმატებელი იყო, მერსისაიდელებმა კი პირიქით, მოგებით დაიწყეს, ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
ლა ლიგა
დღეს ვიხილავთ ორი მადრიდული გრანდის შეხვედრას და როგორც გვახსოვს, როგორც რეალმა, ისე ატლეტიკომაც პირველ ტურში ქულები დაკარგეს. მოქმედმა ჩემპიონმა ვერაფერი მოუხერხა მალიორკას, "როხიბლანკომ" კი - ვილიარეალს. რაც შეეხება მე-2 ტურს, "სამეფო კლუბი" მიიღებს ვალიადოლიდს, მათი მეზობელი კი - ჟირონას.

სერია ა
დატვირთული დღე იქნება სერია ა-ში. ტორინო, რომლის შემადგენლობაში საბა საზონოვი თამაშობს, ბერგამოს ატალანტას მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი კი ბოლონიას დახვდებიან. ასევე, გამოსარჩევია რომასა და ემპოლის მატჩი. დავუბრუნდეთ ქართველ ვინგერს, რომლის გუნდი 1-ელ ტურში ვერონასთან განადგურდა.
"პარტენოპეის" გარემარბმა იმ შეხვედრაში თავის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. იმის შემდეგ, რამდენიმე დღეში კი 23 წლის ვინგერს, მეუღლის მშობიარობის გამო, "სამხრეთელების" შეკრების დატოვება მოუწია. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ახალგაზრდა შემტევი მწყობრშია და ის აუცილებლად ითამაშებს.

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგა დაიწყო და დღეს თავის პირველ შეხვედრას მიუნხენის ბაიერნი ჩაატარებს. გერმანული ფეხბურთის მთავარი ფლანგმანი ვოლფსბურგს ესტუმრება. ეს იქნება "რეკორდმაისტერის" პირველი ოფიციალური მატჩი ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით.
ლეგიონერები
კვარაცხელიასა და საზონოვის გარდა, დღეს ვიხილავთ გიორგი გოჩოლეიშვილსაც, რომლის კოპენჰაგენი ნორშელანს ესტუმრება. სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერი მიიღებს გრაცერს, ბრატისტლავას სლოვანი კი, გურამ კაშიასთან ერთად, დუკლას ესტუმრება. მატჩების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

17:00 - ვულვზი-ჩელსი
17:30 - ვოლფსბურგი-ბაიერნი
18:00 - ნორშელანი-კოპენჰაგენი
19:00 - რეალი-ვალიადოლიდი
19:00 - ვოლფსბერგერი-გრაცერი
19:30 - ლივერპული-ბრენტფორდი
20:00 - დუკლა-სლოვანი
20:30 - ტორინო-ატალანტა
22:45 - ნაპოლი-ბოლონია
22:45 - რომა-ემპოლი
23:30 - ატლეტიკო-ჟირონა

![[მატჩის დღე] კვარაცხელია ბოლონიას წინააღმდეგ, რეალი და ატლეტიკო პირველი 3 ქულის მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzTU0wvGf1LfPqIJjIDLVnttcrcabWApb.webp&w=3840&q=75)









