გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა
როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სუპერთასი არის ოთხგუნდიანი ტურნირი - "ნერაძურიმ" ნახევარფინალში დაამარცხა ბერგამოს ატალანტა, "როსონერიმ" კი ტურინის იუვენტუსი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს იყო სერჟიო კონსეისაუს სადებიუტო მატჩი "შავ-წითლების" დამრიგებლის რანგში. მან თანამემამულე პაულო ფონსეკა შეცვალა.
წარუმატებელი სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, "ეშმაკებმა" პორტუგალიელ მწვრთნელთან დამშვიდობება გადაწყვიტეს. ალბათ სწორედ "გველებთან" მოგება იყო სან სიროს ბინადრების ყოფილი თავკაცის ერთადერთი გამონათება, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არ გამოდგა. რაც შეეხება მის თანამემამულე სპეციალისტს, ერთი განსაკუთრებული მატჩი მან უკვე ჩაატარა.
დებიუტი "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ ხომ ისედაც უკვე განსაკუთრებულია და ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში ირიცხება პორტუგალიელი სპეციალისტის შვილი, ფრანსიშკუ. ახალგაზრდა ვინგერმა ის მატჩი გაატარა სათადარიგოთა სკამზე, თამაშის დასრულების შემდეგ კი მილანის დამრიგებელმა თავისი ვაჟი თბილად მოიკითხა.

დღეს, 50 წლის მწვრთნელი უპირისპირდება გუნდს, რომელთანაც მას ბევრი მოგონება აკავშირებს. როგორც გვახსოვს, საფეხბურთო კარიერის დროს, კონსეისაუ სწორედ "შავ-ლურჯებში" თამაშობდა. 2001-2003 წლებში მან აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში 65 მატჩში 2 ბურთი გაიტანა. ამის გარდა, პორტუგალიელმა ვინგერმა მეაცას ბინადრებს სხვადასხვა დროს 3 გოლი გაუტანა.
სერჟიო "როსონერიში" იწყებს ახალ ეტაპს, სიმონე ინძაგის გუნდში კი ყველაფერი ძველებურად არის. სეზონის სტარტზე სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ოპტიმალური ფორმისგან იყო შორს, მაგრამ ბოლო მატჩებმა აჩვენა, რომ ინტერი ძველ კონდიციებს უბრუნდება. ამაზე მეტყველებს ზედიზედ 5 მოგება, ბურთების შეფარდებით 15:0.
დღევანდელ შეხვედრაში "ნერაძურის" ტრავმის გამო არ ეყოლება სამი ფეხბურთელი - ფრანჩესკო აჩერბი, ბენჟამინ პავარი და მარკუს ტურამი. "შავ-წითლებს" კი რუბენ ლოფტუს-ჩიკი, რაფა ლეაო, სამუელ ჩუკვუეზე და ნოა ოკაფორი.

დერბი დელა მადონინა ციფრებში
რიგით 225-ე დაპირისპირება, რომლის ურთიერთშეხვედრების ისტორია ასეთია - 85-ჯერ იმარჯვეს "შავ-ლურჯებმა", 72-ჯერ კი "ეშმაკებმა", 67 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 307:287-ზე "გველების" სასარგებლოდ. დერბის საუკეთესო გოლეადორია ანდრეი შევჩენკო, რომელმაც სხვადასხვა დროს მეაცას ბინადრებს 14 ბურთი გაუტანა.
უკანასკნელ წლებში შეგვიძლია გამოვარჩიოთ ინძაგის გუნდის წარმატებული სერია, 2023 წლის იანვრიდან - 2024 წლის მაისამდე, ზედიზედ ექვსი გამარჯვება მადონინაში. ინტერის წარმატებული სვლა შეწყდა ამ სეზონში, როდესაც სერია ა-ს მე-5 ტურში, სან სიროს ბინადრებმა 2:1 მოიგეს. ვნახოთ, რა იქნება დღეს.











