ამ სეზონში ეს ორი გუნდი ერთმანეთს უკვე შეხვედრილან
როგორც გვახსოვს, ჯგუფურ ეტაპზე გვქონდა ე.წ. "სიკვდილის ჯგუფი", რომელშიც მილანსა და ნიუკასლ იუნაიტედთან ერთად, სწორედ პსჟ და ვესტფალიელები იყვნენ. ის ორრაუნდიანი დაპირისპირება პარიზელთა კარნახით წარიმართა: 2:0, 1:1. ვნახოთ, ამჯერად რას შემოგვთავაზებენ გუნდები და რა დასკვნები გამოიტანეს "შავ-ყვითლებმა".
ოსმან დემბელე კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"ლურჯ-წითლების" მოწინააღმდეგე მეოთხედფინალში იყო ბარსელონა - დემბელეს ყოფილი გუნდი, რომელსაც მან ორი გოლი გაუტანა. დღეს, მოწინააღმდეგეები სიგნალ იდუნა პარკის ბინადრები არიან, რომელთა გვერდით ფრანგ ვინგერს ასევე უთამაშია. მის კატალონიურ ტრანსფერს არაერთი კონფლიქტური სიტუაცია ახლდა თან.
აშრაფ ჰაკიმი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც პირველად გაიბრწყინა
ჰაკიმი მადრიდის რეალის აღზრდილია და მას თავიდანვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სრულფასოვნად უშუალოდ დორტმუნდში გაიბრწყინა. მაროკოელი განაპირა მცველი გერმანიაში იჯარით თამაშობდა, შემდეგ მილანის ინტერმა იყიდა, დღეს კი უკვე პარკ დე პრენსის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.
მარკო როისისა და მატს ჰუმელსის ბოლო შანსი?!
როისმა და ჰუმელსმა ბორუსიასთან ერთად არაერთი მტკივნეული მომენტი გამოიარეს. ისინი უკვე ასაკში არიან და გუნდს ძველებურად ვეღარ ლიდერობენ, მაგრამ 1/2 ფინალის ჩასატარებლად ძალები ეყოფათ. 11 წლის წინ, გერმანელი მოთამაშეები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალშიც იყვნენ, სადაც მიუნხენის ბაიერნთან წააგეს.
კილიან მბაპეს ბოლო გასეირნება პარის სენ-ჟერმენთან ერთად
როგორც ვიცით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მბაპე პარის სენ-ჟერმენს დატოვებს და "სამეფო კლუბს" მიაშურებს. ლიგა 1-ის ტოპ გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოგებული ჯერ არ აქვს და მდგომარეობას ვერც ფრანგი ფორვარდი შველიდა. ვნახოთ, რას იზამს კილიანი "ბლანკოსში" გადასვლამდე.











