ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, არსენალი პორტოს წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ არტეტას გუნდი ამ შეხვედრას საოცარ ფორმაში შეხვდა, როგორც პირველ მატჩში, "მეთოფეებს" ახლაც ძალიან გაუჭირდათ.
პირველ ტაიმში სულ ოდნავი უპირატესობა არსენალს ჰქონდა, თუმცა სტუმარი გუნდიც მეტოქეს არაფერს უთმობდა. მოედნის ცენტრში ბევრი ორთაბრძოლა ვიხილეთ, ფეხბურთელები ხისტ თამაშს არ ერიდებოდნენ. ტაიმის ბოლოს კი ჩვენ ოდეგორის მაგია ვიხილეთ, ნორვეგიელის პასით კი ტროსარმა ისარგებლა, 1:0 და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმში, პირველის მსგავსად, გუნდებმა მოედანზე სერიოზული ბრძოლა გააჩაღეს. ჩვენ ვიხილეთ არსენალის გაუქმებული გოლი და პორტოს სახიფათო შეტევები, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და დაინიშნა ორი დამატებითი 15-წუთიანი ტაიმი.
მომდევნო 30 წუთის განმავლობაში ერთი სახიფათო მომენტიც არ გვინახავს, ფეხბურთელებს დაღლა ძალიან ეტყობოდათ. უგოლო ექსტრა ტაიმების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა.
საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში გამარჯვება არსენალმა მოიპოვა. პენალტები "მეთოფეებმა" უკეთ შეასრულეს და 1/4 ფინალში გასვლის უფლებაც მოიპოვეს.
Champions League
მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 1/4 ფინალის საგზური - მეთოფეები მომდევნო ეტაპზე არიან









