ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენის დაპირისპირებაში გამოკვეთილი იყო არაერთი საინტერესი დეტალი, მათ შორის ჩავი ერნანდესისა და ლუის ენრიკეს დუელი. ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელებმა და ამჟამად მწვრთნელებმა ერთმანეთი გაიცნეს 90-იანების ბოლოს, როდესაც ერთი მათგანი იყო კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მეორე კი უბრალოდ იმედისმომცემი ახალგაზრდა.
გვერდიგვერდ გატარებული ექვსი წლის შემდეგ, პსჟ-ს ამჟამინდელმა მწვრთნელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, "ბლაუგრანას" მოქმედი დამრიგებელი კი ფეხბურის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შუახაზელად ჩამოყალიბდა. ასე იყო იმ დრომდე, სანამ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დამრიგებლის რანგში ენრიკე არ დაბრუნდა.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩავის ყატარში გადასვლის მთავარი ინიციატორი იყო სწორედ ლუისი, რომელმაც დაბლოკა მისი კამპ ნოუზე კიდევ ერთი სეზონით დარჩენა. ბარსას იმდროინდელი დამრიგებელი თანამემამულე შუახაზელს იმ ერთად გატერებულ ერთადერთ სეზონშიც არ სწყალობდა. ერნანდესმა დროის უმეტესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
თავად განსაჯეთ - ბარსელონას ექვსიანმა საერთო ჯამში ჩაატარა 45 შეხვედრა, აქედან სასტარტოში კი მხოლოდ 22. ის მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობდა ენრიკეს გულის მოგებას, მაგრამ ამაოდ: "არ მინდა ვიჯდე სკამზე, მაგრამ თუ არ არის სხვა გზა, შევეგუები. მე მაინც ვეცდები მწვრთნელისთვის აზრის შეცვლას", - აცხადებდა ჩავი.

ესპანელმა ნახევარმცველმა მიზანს ვერ მიაღწია, ლუისმა აზრი არ შეიცვალა, რის შედეგადაც ფეხბურთელმა ყატარს მიაშურა. გავიდა 10 წელი და მათი გზები გადაიყარა კვლავ, ამჯერად მეტოქე მწვრთნელების რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე. კატალონიელთა მხარეს იყო ერნანდესი, პარიზელების კი 53-წლის დამრიგებელი.
შეხვედრის დაწყების წინ, ენრიკემ ხმაურიანი განცხადება გააკეთა: "ვინ წარმოადგენს ბარსელონას საფეხბურთო ფილოსოფიას უკეთ, მე თუ ხავი? მე! ბურთის ფლობა, გოლები, პრესინგი, ტიტულები, ეს ყველაფერი ჩემი სტილია. ერნანდესს ვიცნობ როგორც ექს-თანაგუნდელსა და შეგირდს, მაგრამ როგორც მწვრთნელს, არა".

კატალონიელთა მწვრთნელის პასუხი უფრო თავშეკავებული იყო - "ენრიკეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ორივეს გვაქვს საერთო მიზანი - ჩემპიონთა ლიგის მოგება. რაც შეეხება ბარსას დნმ-ს, ის ორივე ჩვენგანშია, ისევე როგორც გვარდიოლასა და არტეტაში", - განაცხადა 44-წლის დამრიგებელმა მატჩის დაწყების წინ.
ჩავიმ დაინდო თავისი მოწინააღმდეგე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, თუმცა არა საფეხბურთო მოედანზე, სადაც ლუისმა ტაქტიკური ომი პირწმინდად წააგო. მატჩის დაწყების წინ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დერაფანში და პარის სენ-ჟერმენის დამრიგებელი თანამემამულე მეტოქეს ხუმრობით შეხვდა ისე, როგორც მოკრივე. 16 აპრილს, მათ შორის მეორე რაუნდი გაიმართება.












