გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში მომავალი სეზონიდან მისთვის კარგად ნაცნობ 25 ნომერს მოირგებს. ის იქნება რიგით მეხუთე ფეხბურთელი მერსისაიდელთა ისტორიაში, რომელიც ამ ნომრით ითამაშებს. პირველ რიგში გამოსარჩევია პეპე რეინა და მასთან ქართველ გოლკიპერს ბევრი საერთო აქვს.
ესპანელი მეკარის მსგავსად, "წითლების" ამჟამინდელი კარის დარაჯი გადმოვიდა ლა ლიგიდან, თანაც ვალენსიური გუნდიდან. ვეტერანი გოლკიპერის ბოლო კლუბი ენფილდამდე იყო ვილიარეალი, 24 წლის კარის დარაჯის კი "ღამურები". შეგახსენებთ იმასაც, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის ექს-კიპერი ლივერპულში თითქმის 10 წლით (2005-2014) გაჩერდა.
42 წლის ყოფილმა მეკარემ ამ დროის განმავლობაში მერსისაიდელების შემადგენლობაში ჩაატარა 390-ზე მეტი მატჩი და მის ანგარიშზე 4 ტიტულიც არის. ამის გარდა, "წითლების" ყოფილმა 25-ე ნომერმა ინგლისის ჩემპიონატის ოქროს ხელთათმანი მოიგო 3-ჯერ, გუნდის საუკეთესო მოთამაშის წოდება კი ერთხელ.
როგორც ვხედავთ, რეინას ენფილდზე გამოუვიდა საკმაოდ ნაყოფიერი კარიერა, ვნახოთ, რას იზამს მამარდაშვილი. რაც შეეხება სხვა 25-ე ნომრებს ლივერპულის ისტორიაში: იგორ ბისჩანი, დევიდ ტომპსონი და ნეილ რუდოკი.









