
მილანის რჩეული ფაბიო პარატიჩია, რომელიც საქმიანობას მალე დაუბრუნდება. 52 წლის მენეჯერს ამ დრომდე დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა ზაფხულიდან მას საქმეში დაბრუნება შეეძლება. მხარეებს შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა, მეტიც, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯო ფურლანის მიზანია, მხარეებმა ყველა დეტალი უახლოეს კვირებში შეათანხმონ და ახალი სეზონისთვის მზადებას მალევე შეუდგნენ.
ფაბიო პარატიჩის იტალიურ ფეხბურთში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იტალიელი 2004-2010 წლებში სამპდორიას, ხოლო 2010-დან 2021 წლებში იუვენტუსის სპორტული დირექტორი იყო. მილანში ფიქრობენ, რომ მისი გამოცდილება გუნდს ძალიან დაეხმარება.
განიხილება იგლი ტარეს ვარიანტიც, რომელსაც კალჩოს მოყვარულები ლაციოდან იცნობენ.

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ახალ სპორტულ დირექტორს, ახალი მთავარი მწვრთნელიც მოჰყვება. სერჟიუ კონსეისაუ სეზონის ბოლოს გუნდს 99% დატოვებს — ამის შესახებ ყველა გავლენიანი გამოცემა საუბრობს. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელმა მილანური ისტორია ტიტულით დაიწყო, კლუბში ფიქრობენ, რომ ზაფხულში მწვრთნელის შეცვლა სწორი ნაბიჯი იქნება.
ვინ განიხილება პორტუგალიელის ადგილას? მასიმილიანო ალეგრი! დიახ, მილანის ყოფილ მწვრთნელზე კლუბში სერიოზულად ფიქრობენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა ვარიანტებიც განიხილება და "მედ მაქსის" უკან, კლუბში დაბრუნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შეგახსენებთ, ფაბიო პარატიჩისა და მაქს ალეგრის საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ — ისინი იუვენტუსში ერთად მუშაობდნენ.
კლუბში ასევე განიხილავენ სესკ ფაბრეგასის, მაურიციო სარის, რობერტო დე ძერბისა და კიდევ რამდენიმე მწვრთნელის ვარიანტსაც.
მილანში კიდევ ერთი დიდი გადატვირთვა იგეგმება. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, უფროსობა ძირეულ ცვლილებებს გეგმავს, რაც როგორც ფეხბურთელებს, ისე მთავარ მწვრთნელსაც და მენეჯმენტსაც შეეხება. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, "როსონერის" გარშემო უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.












