სან სიროზე ტურის ცენტრალური მატჩი ვიხილეთ, მილანი ატალანტას წინააღმდეგ, ლომბარდიული დერბი.
სტეფანო პიოლის მილანი ამ შეხვედრას ზედიზედ ორი წაგებული მატჩით შეხვდა, გასპერინის გუნდი კი პირიქით, კარგ ფორმაში ჩაფრინდა ქალაქ მილანში.
მატჩი რაფა ლეაოს შედევრით დაიწყო - პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატში მონატრებული გოლი გაიტანა, თან რა გოლი, ორი მეტოქე ჩამოიშორა და კარნეზეკის აუღებელი დაურტყა, 1:0.
ამ გოლის შემდეგაც უპირატესობა მთლიანად მილანის მხარეს იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს, ატალანტას ჩამოწოდებულ კუთხურს პენალტი მოჰყვა, რომელიც კუპმაინერსმა ზუსტად შეასრულა, 1:1. ნიდერლანდელმა, ბოლო ორ მატჩში, მილანს უკვე მესამე გოლი გაუტანა.
მეორე ტაიმი კვლავ მილანის უპირატესობით დაიწყო. როსონერის მხრიდან საუკეთესო ისევ რაფა ლეაო იყო, რომელსაც მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა, თუმცა პიოლის გუნდმა კარნეზეკის ვერაფერი მოუხერხა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი კი შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდა, შესაბამისად, მეორე ტაიმში მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს, გუნდებმა ქულები გაიყვეს. მილანმა 53 ქულა მოაგროვა, ატალანტამ კი - 46.
Serie A
მილანი ქულებს ისევ კარგავს









