ენდი კოული
ტრანსფერი: ნიუკასლიდან - მანჩესტერში, 9.6 მილიონი ევრო;
სეზონი: 1994-1995;
შედეგი: 18 მატჩი, 12 გოლი;
თავდამსხმელი, რომელიც მოგვიანებით დუაიტ იორკთან ერთად შექმნის ლეგენდარულ ტანდემს და მანჩესტერს ტრებლს მოაპოვებინებს. კოულს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები იუნაიტედში არ ჰქონია. სერ ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, რომელმაც მის გუნდს ბევრი გოლი მოუტანა.

ადრიანო ლეიტე რიბეირო
ტრანსფერი: პარმადან - ინტერში, 23.4 მილიონი ევრო;
სეზონი: 2003-2004;
შედეგი: 18 მატჩი, 12 გოლი;
ადრიანო ინტერში პირველად 2001 წელს გამოჩნდა, თუმცა გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, პრაქტიკის მიღება მას ჯერ ფლორენციის ფიორენტინაში (იჯარა) მოუწია, შემდეგ კი - პარმაში (გაყიდვა 14.5 მილიონი). სწორედ ამ უკანასკნელში გაიბრწყინა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რის შედეგადაც მილანურმა კლუბმა ის 1.5 წელიწადში უკან გამოისყიდა.

რონალდო ნაზარიო
ტრანსფერი: რეალიდან - მილანში, 7.5 მილიონი ევრო;
სეზონი: 2006-2007;
შედეგი: 14 მატჩი, 7 გოლი;
რონალდოს კარიერა რეალში დასრულდა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ფაბიო კაპელო, რომელმაც მას წონაში დაკლება სთხოვა. ბრაზილიელმა ფორვარდმა არ გაითვალისწინა იტალიელი ტაქტიკოსის სიტყვები და იანვარში მილანს მიაშურა. ტრავმიანობისა და ჭარბწონიანობის მიუხედავად, ნაზარიომ "როსონერიში" სეზონის კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა.

ალეშანდრე პატო
ტრანსფერი: ინტერნასიონალი - მილანი, 24 მილიონი ევრო;
სეზონი: 2007-2008;
შედეგი: 20 მატჩი, 9 გოლი;
მართალია, მილანმა პატო ჯერ კიდევ ზაფხულში გაიფორმა, თუმცა ფიფას რეგულაციების გამო, მისი ოფიციალური დებიუტი სეზონის მეორე ნახევრამდე გადაიდო. ბრაზილიელმა ფორვარდმა კალჩოში იმედიანად და თავდაჯერებულად შეაბიჯა, მისი ერთგვარი მენტორი კი საწყის ეტაპზე ზემოთ ხსენებული რონალდო იყო.

მარიო ბალოტელი
ტრანსფერი: სიტიდან - მილანში, 20 მილიონი ევრო;
სეზონი: 2012-2013;
შედეგი: 13 მატჩი, 12 გოლი;
ბალოტელი სიტიში გადმოიყვანა რობერტო მანჩინიმ, რომელმაც მისი ნიჭი ჯერ კიდევ ინტერში მუშაობის დროს შენიშნა. აღნიშნულმა დუეტმა ერთობლივი ძალებით მოიგო პრემიერ ლიგა, მაგრამ უკვე შემდეგ სეზონში, მათ შორის კონფლიქტი მოხდა. იტალიელმა ფორვარდმა იანვარში მიაშურა მილანს და აღნიშნა, რომ ბავშვობაში ის ქომაგობდა სწორედ თავის ახალ კლუბს და არა თანაქალაქელებს.

გაბრიელ ჟეზუსი
ტრანსფერი: პალმეირასიდან - სიტიში, 32 მილიონი ევრო;
სეზონი: 2016-2017;
შედეგი: 11 მატჩი, 7 გოლი;
სერხიო აგუეროს ხშირი ტრავმიანობის გამო, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა ისეთი თავდამსხმელის შერჩევა, რომელიც სიტის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს დროთა განმავლობაში სრულფასოვნად შეცვლიდა. ჟეზუსის სტარტი მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არგენტინელი ფორვარდის ადგილის დაკავება ვერ მოხერხდა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი
ტრანსფერი: დორტმუნდიდან - არსენალში, 63.7 მილიონი ევრო;
სეზონი: 2017-2018;
შედეგი: 14 მატჩი, 10 გოლი;
არსენ ვენგერის ერთ-ერთი უკანასკნელი ტრანსფერი, რომელმაც შედეგის მოტანა თავიდანვე დაიწყო. სამწუხაროა, რომ ობამეიანგის არსენალში ყოფნა ამ კლუბის კრიზისულ პერიოდს დაემთხვა. გაბონელმა ფორვარდმა სრულფასოვნად ვერ შეიგრძნო ის, თუ რატომ არის განსაკუთრებული ჩრდილოეთ ლონდონში თამაში.

კრისტოფ პიონტეკი
ტრანსფერი: ჯენოადან - მილანში, 35 მილიონი ევრო;
სეზონი: 2018-2019;
შედეგი: 21 მატჩი, 11 გოლი;
როგორ მოულოდნელადაც გაიბრწყინა, ისე მოულოდნელადა ჩაქრა. პიონტეკმა ჯენოაში გატარებულ სერია ა-ს სადებიუტო სეზონის პირველ ნახევარში 21 მატჩში 19 ბურთი (!) გაიტანა. პოლონელ ფორვარდს მსურველების რიგი ჰყავდა, ყველას კი მილანმა აჯობა. მისი შედეგიანობა მეორე წრეში შედარებით დაეცა, მაგრამ "როსონერიში" გატარებული სადებიუტო ნახევარი წლის კვალობაზე, მაინც შთამბეჭდავი იყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ტრანსფერი: გალაქსიდან - მილანში, უფასოდ;
სეზონი: 2019-2020;
შედეგი: 20 მატჩი, 11 გოლი;
ბევრს ეგონა, რომ გალაქსიში გადასვლით იბრაჰიმოვიჩის ევროპული კარიერა სრულდებოდა, თუმცა მლს-ში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, მან მოიწყინა და ძველ კონტინენტზე დაბრუნება გადაწყვიტა. მილანმა მიიღო ლიდერი, რომელიც იმ დროს გუნდს ასე სჭირდებოდა. დაბრუნებიდან 1.5 წლის შემდეგ, შვედმა ფორვარდმა "როსონერისთან" ერთად სკუდეტოც მოიგო.

ერლინგ ჰოლანდი
ტრანსფერი: ზალცბურგიდან - დორტმუნდში, 20 მილიონ ევროდ;
სეზონი: 2019-2020;
შედეგი: 18 მატჩი, 16 გოლი;
ჰოლანდმა სიტიმდე მოთელვა დორტმუნდში გაიარა, სადაც მომენტალურად განამტკიცა გოლების მანქანის სტატუსი. მან ყურადღება მიიქცია ჯერ კიდევ ზალცბურგში, მაგრამ ბორუსიაში გადასვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროპულ ფეხბურთს ახალი, დიდი ვარსკვლავი შეეძინა. ნორვეგიელი ფორვარდის უფრო დიდ კლუბში გადასვლა დროის საკითხი იყო.

გიორგი მიქაუტაძე
ტრანსფერი: აიაქსიდან - მეცში, იჯარა;
სეზონი: 2023-2024;
შედეგი: 13 მატჩი, 9 გოლი;
მიქაუტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ის ისე დაბრუნდა მეცში, თითქოს არც წასულა. აიაქსში ჩამქრალი ახალგაზრდა თავდამსხმელი ლიგა 1-ში ისევ აინთო და დღეს, უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლი ლოთარინგიელები სწორედ მის იმედზე არიან. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ქართველი ფორვარდი კიდევ გაიტანს.

აგრეთვე გამოსარჩევია: ალვარო რეკობა (ინტერი-ვენეცია; 19 მატჩი, 11 გოლი), ჟერმეინ დეფო (ტოტენჰემი-პორტსმუთი; 12 მატჩი, 8 გოლი), რუდ ვან ნისტელროი (რეალი-ჰამბურგი; 18 მატჩი, 7 გოლი), დანიელ სტარიჯი (ჩელსი-ბოლტონი; 12 მატჩი, 8 გოლი), დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა-იუვენტუსი; 21 მატჩი, 9 გოლი).











