გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის განვლილ ტურში ოსასუნას წინააღმდეგ გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი ვილიარეალის ფეხბურთელის რანგში. ზოგადად კი ეს იყო რიგით მე-2 ქართული ბურთი პრიმერა დივიზიონში 24-წლიანი პაუზის შემდეგ. მაშინ, როცა "ყვითლების" ფორვარდი იყო სულ რაღაც 1 წლის, ესპანეთის ლიგაში გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო.
2001 წლის 7 ოქტომბერი - სან სებასტიანი, რეალ სოსიედადსა და სევილიას შორის გამართული მატჩი სრულდება 3:3, მასპინძლების მხრიდან მე-2 ბურთს კი ქართველი ფორვარდი იტანს. ეს იყო მისი პირველი და ბოლო გოლი როგორც ბასკურ კლუბში, ისე ზოგადად პრიმერა დივიზიონში.
ამის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, ანოეტაზე მოთამაშე თავდამსხმელსა და "სუბმარინას" ცხრიანის გამოჩენას შორის შუალედი არის 24 წელი, ქართველებს პრიმერა დივიზიონში უთამაშიათ, მაგრამ გოლი არ გაუტანიათ. როგორც ვხედავთ, მშრალი სერია დაასრულა 24 წლის ფორვარდმა, როგორც მან ეს საფრანგეთის ჩემპიონატში გააკეთა.
დიახ, პირველი ქართული გოლი ლიგა 1-ში გავიდა 1992 წლის 7 ოქტომბერს და მისი ავტორი იყო გია გურული, რომელმაც ლე ავრის მაისურით სტრასბურგს შეუგდო. შემდეგი ქართველი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში იყო სწორედ მიქაუტაძე, 2023 წლის 18 აგვისტოს, მეცის მაისურით, მარსელის ოლიმპიკთან.









