კახა კალაძე: "ჩემთვის, ამ თამაშს ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი სპორტული წარმატება სწორედ მილანთან ასოცირდება და ამ კლუბთან ერთად მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან მიხარია იმ მოთამაშეებთან შეხვედრა, რომლებთანაც 10 წლის მანძილზე ვთამაშობდი.
გარდა ამისა, ასეთი ტიპის მატჩები ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, თუმცა სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე, სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება. წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით.
ეს არ არის ერთჯერადი თამაშები, მომავალშიც გაგრძელდება. შოთა არველაძესთან ვისაუბრე, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ლივერპულსა და რეალთან", - განაცხადა ყოფილმა ქართველმა უკანახაზელმა.
შოთა არველაძე: "მოლოდინი აქ არის ერთი - იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში შეიქმნა ფეხბურთის გარშემო, გამოხვიდე შენც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და გააგორო ბურთი ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან რივალდო, კაკა და სხვები. ამას აქვს თავისი დატვირთვა, ეს არის საფეხბურთო ზეიმი.
შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარი საფეხბურთო დესერტი, იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც საქართველოს ნაკრები ახლა აკეთებს. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში ხდება და აღარ გვიწევს ჩვენ სხვაგან წასვლა. ჩვენ ადრე ვთამაშობდით ზოგი მილანში, ზოგი აიაქსში, ზოგი ინგლისში, ახლა კი ჩვენთან მოდიან სათამაშოდ ისინი. ჩვენც ამ დღისთვის ვემზადებით".
ლევან კობიაშვილი: "სასიამოვნოა, რომ ასეთი მასშტაბის თამაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. დარწმუნებული ვარ, რომ 21 სექტემბერს, ვინც სტადიონზე მოვა, უდიდესს სიამოვნებას მიიღებს. ორივე გუნდში ხომ ლეგენდები ითამაშებენ. ვივარჯიშებთ და მოვემზადებით, რადგან მილანის ლეგენდები მხოლოდ სიმბოლური დატვირთვით არ ჩამოდიან.
ისინი მოედანზე გავლენ მოსაგებად, ჩვენ კი მათ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ვეცდებით, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ლეგენდა იხილოს", - განაცხადა კობიაშვილმა.
ლევან მჭედლიძე: "ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ მაქვს ნათამაშები. იმედი მაქვს, რომ საინტერესო და სასიამოვნო საღამო გამოვა. მე სპორტული კარიერის შემდეგაც სპორტულად ვცხოვრობ და კონდიციების შენარჩუნებას ვცდილობ".











