როგორც მოგეხსენებათ, სევილიასა და მადრიდის ატლეტიკოს შორის გამართულ შეხვედრაში, ალვარო მორატამ ტრავმა მიიღო. თავდამსხმელმა მოედანი 46-ე წუთზე დატოვა, მან ცრემლებიც ვერ შეიკავა. თავდაპირველად, საუბარი იყო ჯვარედინი მყესების გაწყვეტაზე, რაც ევრო 2024-ის გამოტოვების მომასწავებელი იქნებოდა.
ყველაფერი არ არის ასე მძიმედ, თუმცა ესპანელ თავდამსხმელს თვის ბოლომდე დასვენება მაინც მოუწევს. "რიხობლანკოს" ექიმების დიაგნოზით ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის შიდა მყესებისა და ძვლის დაზიანება აქვს. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, "ინდიელების" ფორვარდი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მოედანს ორ კვირაში, ხოლო ცუდ შემთხვევაში სამ კვირაში დაუბრუნდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ 31 წლის თავდამსხმელი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის გასვლით პირველ შეხვედრას მილანის ინტერის წინააღმდეგ. ამის გარდა, დიეგო სიმეონეს კოლექტივის მე-19 ნომერი თავის თანაგუნდელებს ვერც პრიმერა დივიზიონში დაეხმარება, სადაც მეტოქეები ლას-პალმასი და ალმერია იქნებიან.
მორატას დაბრუნება დაგეგმილია 29 თებერვლისთვის, კოპე დელ რეიზე, ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ, განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის. შეგახსენებთ, მეტროპოლიტანოზე გადმოსვლის შემდეგ, ესპანელმა ფორვარდმა საერთო ჯამში ჩაატარა 146 მატჩი და გაიტანა 56 ბურთი. წელს ის განსაკუთრებით კარგ ფორმაშია, ალვაროს ანგარიშზე უკვე 19 გოლია.
Champions League
მორატას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - ესპანელი ინტერთან პირველ მატჩს გამოტოვებს









