მადრიდის რეალმა მიუნხენის ბაიერნთან შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა ორი გოლის გატანა, მოწინააღმდეგის დამარცხება და ფინალში გასვლა. ყველაფერი შესაძლოა ყოფილიყო სხვაგვარად: კომპენსირებული დროის მე-13 წუთზე "რეკორდმაისტერმა" გაათანაბრა, მაგრამ ბურთი არ ჩათვალეს მსაჯის სასტვენის ხმის გამო, რომელმაც ეპიზოდის დასრულებამდე გაიჟღერა.
მათთვის, ვისაც ეს ეპიზოდი გამოეპარათ - იოზუა კიმიხი აწვდის "სამეფო კლუბის" საჯარიმოში, ბურთი მიდის ტომას მიულერთან, რომელიც თავით გადაცემას უკეთებს მატეის დე ლიხტს, რის შემდეგაც ის იტანს გოლს. გერმანელი შემტევის გადაცემის მომენტში ისმის შიმონ მარჩინიაკის სასტვენის ხმა, რადგან ის ლაინსმენის აწეულ ალამს ხედავს.
სასტვენის ხმა რომ არა, აღნიშნული ეპიზოდი მინიმუმ VAR-ის გადამოწმებამდე გაგრძელდებოდა. საინტერესო მომენტი - ნათლად ჩანს, რომ სასტვენის ხმის შემდეგ, "ბლანკოსის" მოთამაშეები, მათ შორის კარის დარაჯიც გაჩერდნენ და სწორედ ამ ეპიზოდის გარშემო ტრიალებს მთავარი თეორიები თუ ვარაუდები, რომელიც მსაჯის შეცდომას ეხება.

ვარაუდი პირველი - სასტვენის ხმა რომ არა, კარლო ანჩელოტის შეგირდები არ გაჩერდებოდნენ და ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს როგორც მინიმუმ ხელს შეუშლიდნენ, ანდრეი ლუნინი კი დარტყმის მომენტში როგორც მინიმუმ გადახტებოდა. ვარაუდი მეორე - ბავარიელებს ხელს ვერავინ შეუშლიდა, ისინი თავის ბურთს მაინც გაიტანდნენ.
ახლა უკვე ვეღარასდროს გავიგებთ ჭეშმარიტებას, უბრალოდ ფაქტად რჩება ერთი რამ - შიმონ მარჩინიაკმა დროზე ადრე დაამთავრა ეპიზოდი და ორივე ვარაუდის შემთხვევაში საბოლოო სიტყვა მაინც VAR-ზე უნდა ყოფილიყო. ვიდეო რეფერი გადაწყვეტდა იყო თუ არა თამაშგარე და ჩასათვლელი იქნებოდა თუ არა გოლი.

ალიანც არენას ბინადრების რისხვას საზღვარი არ ჰქონდა და მატჩის დასრულების შემდეგ, მათ მიერ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გაკეთდა. ტომას ტუხელი: "ლაინსმენმა მოგვიხადა ბოდიში, მაგრამ ეს სიტუაციას არ შველის. ის ხედავდა, რომ ვცდილობდით გოლის გატანას და ამ დროს მან მიიღო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლებოდა.
გვერდითა მსაჯის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ყველა წესს. ეს არის კატასტროფა. რას ვფიქრობ სანტიაგო ბერნაბეუს შესახებ? ეს სტადიონი მსაჯებზე ზემოქმედებას ახდენს", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა. დე ლიხტი უფრო შორს წავიდა, მისი განცხადებით, ლაინსმენმა აღიარა კიდეც, რომ შეცდომა დაუშვა.

"გვერდითა მსაჯმა მომიხადა ბოდიში და მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ამით არაფერი იცვლება, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არ ვიცი, იყო თუ არა თამაშგარეშე და ამის გაგება გადამოწმების გარეშე შეუძლებელია. რატომ არ გააჩერეს თამაში ხოსელუს მეორე გოლის მომენტში? იქაც ბევრი რამ იყო გაურკვეველი.
წარმოიდგინეთ, რუდიგერის გადაცემის მომენტში რომ ყოფილიყო სასტვენი, ბაიერნი აღმოჩნდებოდა ზუსტად იგივე მდგომარეობაში, რომელშიც ბოლო წუთზე რეალი აღმოჩნდა", - განაცხადა ნიდერლანდელმა უკანახაზელმა. ცხადია, აღნიშნული დისკუსია ვერ ჩაივლიდა ტომას მიულერის გარეშე, რომელმაც წარსულში მომხდარი ინციდენტებიც გაიხსენა.
"მარჩინიაკმა არ უყურა ვიდეო გამეორებას. არ მისცა საკუთარ თავს ამის ნახვის საშუალება. ნამდვილად უცნაურია ასეთ სიტუაციაში ასე სწრაფად თამაშის გაჩერება, მაგრამ ეს ხშირად ხდება აქ, ამ სტადიონზე. იგივე გამოვცადე რამდენიმე წლის წინ, როდესაც რონალდუმ გაგვიტანა ორი ბურთი, მაგრამ მაშინ VAR-ი არ იყო", - განაცხადა გერმანელმა შემტევმა.

ბაიერნს სარკასტულ სტილში კარლო ანჩელოტიმ უპასუხა - "ისინი უკმაყოფილოები არიან? კარგით, მაშინ ჩვენ ვაპროტესტებთ ნაჩოს გაუქმებულ გოლს, რომლის დროსაც კიმიხმა სიმულაციას მიმართა. არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა თამაშგარე, გავიგეთ სასტვენის ხმა და თამაში შევწყვიტეთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ერთი სიტყვით, ევროპულმა დერბიმ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რეალი გავიდა დაუმსახურებლად, მიუნხენელები კი დაიჩაგრნენ. ორივე გუნდმა შემოგვთავაზა დაუვიწყარი სანახაობა და სამწუხაროა, რომ ყურადღების ცენტრში არის არა მოთამაშეების პერფომანსი, არამედ მთავარი მსაჯისა და ლაინსმენის შეცდომა.
"რეკორდმაისტერისთვის" უნდა მიეცათ ეპიზოდის დასრულების შესაძლებლობა, პოლონელ არბიტრს კი მოგვიანებით ყველაფერი VAR-ზე უნდა ენახა. ფაქტია, მსაჯებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს. დიახ, ბავარიელებს მოექცნენ დაუმსახურებლად, მაგრამ მადრიდელების ბრალი არაფერია, ყველა პრეტენზია საკუთარ თავზე მარჩინიაკმა უნდა მიიღოს.












