გარი ნევილმა მანჩესტერ იუნაიტედის სუსტ წერტილებზე ისაუბრა. ვეტერანი მცველის თქმით, მის ყოფილ გუნდს მაღალი დონის მეკარე სჭირდება. ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა "წითელ ეშმაკებს" დიბუ მარტინესის ან ჯიჯო დონარუმას გაფორმება ურჩია.
"მანჩესტერში ვითამაშე 20 წელი და ჩემს გვერდით იყო ორი უმაღლესი დონის მეკარე - შმეიხელი და ვან დერ სარი. იცით, რამდენად ცუდია, როცა შენს ზურგს უკან კვალიფიციური გოლკიპერი არ არის?! დღევანდელი იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ კარის დარაჯი არის.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას მარტინესის ან დონარუმას გაფორმებას ვურჩევ. ერთი მათგანი მსოფლიო ჩემპიონია, მეორემ კი ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ორივე გოლკიპერმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს დიდ თამაშებში საიმედოდ ყოფნა."









