რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, სიაში 3 კანდიდატურაა. დე ლაურენტისის დიდი ხნის ოცნებაა, რომ ნაპოლი ანტონიო კონტემ ჩაიბაროს, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, ამის მიზეზი კი იტალიელი სპეციალისტის მკაცრი უარია. ბოლო ერთ წელიწადში მხარეებს შორის უამრავი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონტეს პოზიცია უცვლელია. ამის მიუხედავად, დე ლაურენტისი დანებებას არ აპირებს და ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება კონტესთან შეთანხმების გაფორმებას.
პოტენციური მწვრთნელების სიაშია ვინჩენცო იტალიანოც, რომელიც სეზონის ბოლოს ფიორენტინას აუცილებლად დატოვებს. დე ლაურენტისისთვის ყველაზე მარტივი იტალიანოსთან შეთანხმება იქნება, თუმცა ნაპოლის პრეზიდენტი ჯერ არ ჩქარობს.
და ბოლოს, სტეფანო პიოლი, რომლის საქმეებიც მილანში არც ისე კარგად მიდის. 58 წლის იტალიელის მომავალი თავიდან ბოლომდე ევროპა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაზე და დერბი დელა მადონინაში ინტერთან ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული. მილანში ახალი სეზონიდან ყველა მთავარ გადაწყვეტილებას ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიღებს, რომელსაც ჯერი კარდინალესგან სრული ნდობა და თავისუფლება აქვს. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, პიოლის მილანში დარჩენის შანსი 50-50-ზეა და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამ სიტუაციას კი დე ლაურენტისი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნაპოლის მფლობელს პიოლის კანდიდატურა ძალიან მოსწონს.











