მაიამი ჰიტმა პლეი-ინში საკუთარ პარკეტზე, ჩიკაგო ბულზის დამარცხება მოახერხა და აღმოსავლეთიდან პლეიოფში ბოლო მონაწილე გუნდის სტატუსით გავიდა. მატჩში საუკეთესო ტაილერ ერო იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოუტანა. ჩიკაგოდან გამორჩეული დემარ დეროუზანი იყო, რომელმაც 22 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
შეხვედრა თავიდან ბოლომდე მაიამის კარნახით მიმდინარეობდა, მასპინძელი გუნდი მეტოქეზე ყველა კომპონენტში უკეთესი იყო. საბოლოოდ კი მატჩი 112:91 დასრულდა.
მაიამი ჰიტი პლეიოფის პირველ რაუნდში კონფერენციის ჩემპიონს, ბოსტონ სელტიკს შეხვდება.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, ნიუ ორლეანს პელიკანსმა საკუთარ პარკეტზე საკრამენტო კინგსის დამარცხება მოახერხა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩი საბოლოოდ 105:98 დასრულდა.
მატჩის MVP კინგსის მოთამაშე დე'აარონ ფოქსი გახდა - 35 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი, თუმცა ეს ძალიან კარგი სტატისტიკა, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პელიკანსიდან კი საუკეთესო ბრენდონ ინგრამი გახდა - 24 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი.
ნიუ ორლეანს პელიკანსი პლეიოფის პირველ რაუნდში კონფერენციის ჩემპიონს, ოკლაჰომა სიტის შეხვდება.









