რომში ჯოკოვიჩს უსიამოვნო ფაქტიც შეემთხვა, როდესაც ავტოგრაფების დარიგებისას შემთხვევით თავში ბოთლი მოხვდა და კორტი თანმხლები პირების დახმარებით დატოვა. ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, სერბი ჩოგბურთელი სწორედ ტაბილოს შეხვდა და თითქმის 1 საათში უშანსოდ დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა და ბოლომდე მომზადებული ვერ გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ნოლე კარიერის განმავლობაში იტალიის ტურნირზე ყოველთვის, მინიმუმ, 1/4 ფინალში გადიოდა. წელს კი პირველად გამოეთიშა ასპარეზობას 1/16 ფინალიდან. ჯოკოვიჩის ცუდ სათამაშო ფორმაზე 2024 წელს ჩატარებული 4 ტურნირი მიუთითებს, სადაც ფინალში გასვლაც კი ვერ შეძლო და 2018 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
როლან გაროსზე ნოვაკ ჯოკოვიჩი, რა თქმა უნდა, მოსაგებად და ტიტულის შესანარჩუნებლად ჩავა, თუმცა რამდენად შეუწყობს ფიზიკური კონდიცია ხელს, რთული სათქმელია - თიხაზე წელს ნოლემ მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. 36 წლის სერბ ჩოგბურთელს რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნებაც გაუჭირდება, თუმცა, ეს მისთვის პრიორიტეტი აღარ არის. კარიერის დასრულებამდე, მისი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი გრანდ სლემის მოგება და რეკორდის გამყარებაა. ცნობისთვის, 24 მოგებული გრანდ სლემით რეკორდის მფლობელი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩია.

2024 წლის საფრანგეთის ღია პირველობა (როლან გაროსი) სტარტს 20 მაისს აიღებს და 9 ივნისს დასრულდება - ტურნირის საპრიზო ფონდი 53,478,000 ევრო იქნება, რაც წინა წელთან შედარებით 7,82%-ით მეტია.











