სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისი არენაზე 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი დასრულდა, სადაც მაყურებელმა საქართველო-დანიას კიდევ ერთი საკალათბურთო დაპირისპირება იხილა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა კოპენჰაგენში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, დანია საკუთარ კედლებშიც დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. მატჩი საბოლოო ჯამში ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, 89-60 დასრულდა.
პარკეტზე საუკეთესო მარკის რიდი და თორნიკე შენგელია იყვნენ. ნაკრების კაპიტანმა 27 ქულა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 3 პასიც დაუმატა, ხოლო მარკის რიდის ანგარიშზე 29 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი იყო.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივლისს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ როგორ შეიძლება მოხვდეს ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთესო სხვა ჯგუფიდან (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) გადმოვა და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.









