"როსონერის" უფროსობამ პიოლის ბოლო შანსი სწორედ რომასთან და ინტერთან მატჩებში მისცა, პიოლიმ კი პირველივე შეხვედრაში ვერ შეძლო წარმატების მიღწევა, წინ კი დერბი დელა მადონინაა, სადაც თუ ინტერმა გამარჯვება შეძლო, 75 000 ადამიანის წინაშე, სან სიროზე "ნერაძური" სკუდეტოს მოგებას იზეიმებს, რაც პიოლის გაშვებას გააოფიციალურებს.
იტალიელი მილანის მწვრთნელი 2019 წლის 9 ოქტომბერს გახდა, როდესაც გუნდი ღრმა კრიზისში იყო. პიოლიმ გუნდი მარკო ჯამპაოლოსგან გადაიბარა და როდესაც გუნდში სამუშაოდ მივიდა, ფანების მხარდაჭერა თითქმის არ ჰქონდა, თუმცა სტეფანომ შეუძლებელი შეძლო და გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, შემდეგ კი ნანატრი სკუდეტოც მოაგებინა. ახლა მილანი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოთამაშე გუნდია, თუმცა ბოლო ორი სეზონია, გუნდის რეგრესი შესამჩნევი გახდა. წინა წელს რომ არა იუვენტუსის პრობლემები და პროკურატურის გამოძიება, დიდი შანსი იყო მილანი ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ გასულიყო. ამ სეზონში კი გუნდმა სრული კრახი განიცადა: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა, იტალიის თასიდან და ევროპა ლიგიდან 1/4 ფინალში გამოვარდნა და ჩემპიონატში, თანაქალაქელი ინტერის სრული დომინაცია. ეს ყველაფერი კი საბოლოო წერტილი აღმოჩნდა, რამაც მილანში მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.
სტეფანო პიოლიმ მილანში მთავარი მწვრთნელის რანგში 234 მატჩი ჩაატარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო 129 თამაში, წააგო 50 და ფრედ 55 დაასრულა.
ახალ მთავარ მწვრთნელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აარჩევს, რომელსაც ჯერი კარდინალესგან სრული ნდობა და თავისუფლება აქვს. იწერება უამრავ კანდიდატზე, მათ შორის ანტონიო კონტეზე, ტიაგო მოტაზე და ა.შ. თუმცა ჭორებისგან თავს არ შეგაწყენთ. როდესაც დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია გვექნება, მხოლოდ ამის შემდეგ გაგიზიარებთ ინფორმაციას მილანის ახალ მწვრთნელზე.










