მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრი კარგი მეკარე ჰყავდა ნაკრებს, ნაკლებად იყო ისეთი მეკარე, რომელიც თავისი პერფორმანსით სტაბილურად იდგებოდა და კონკურენტი არ ეყოლებოდა.
წლების წინ გამოჩნდა გიორგი ლორია. ნუკრი რევიშვილთან ერთად ის ნაკრების პირველი მეკარე იყო. დღესდღობით კი ამ პოზიციაზე ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს.
გიორგი მამარდაშვილის მიღწევებს რომ თავი დავანებოთ, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი საოცარ ფორმაშია და საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა.

გუგეშაშვილმა პანსერაიოკსის რიგებში წელს 16 შეხვედრა ჩაატარა, თითო მატჩში, საშუალოდ, 5 სეივს აკეთებს და უკვე 4-ჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში. ის უკვე მოექცა ბერძნული გრანდების ინტერესთა სფეროში.
ნაკრების პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან ლივერპულში ითამაშებს. მას ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სეივი ჰქონდა და ამ სეზონში ცუდ ფორმაში მყოფი ვალენსიასთვის ერთადერთი ნათელი წერტილია.
გვყავს ლუკა ხარატიშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ შანსი არ მისცემია, თუმცა 21-წლამდე ნაკრების გმირი გახდა და ხორვატიასთან მოგებული პენალტების სერიით, რამაზ სვანაძის გუნდი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

არ დავივიწყოთ გიორგი ლორია, რომელიც წლებია ეროვნული ნაკრების წევრია და ამ ასაკშიც მაღალ დონეზე თამაშობს. ლორია ომონიას რიგებში ბოლო ერთ თვეში, 3-ჯერ გახდა საუკეთესო. მიმდინარე სეზონში ის საშუალოდ 3.1 სეივს აკეთებს.
სასიხარულოა, რომ ეროვნულ ლიგაშიც არიან პერსექტიული მეკარეები, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ და ამ მეკარეებთან კონკურენციაში შევიდნენ.










