2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან. გასული დეკადა ამ გუნდისთვის წარუმატებელი იყო. წლების მანძილზე "კანონირები" ასპარეზობას 1/8 ფინალში ასრულებდნენ, მოგვიანებით კი რამდენიმე სეზონით ისინი საერთოდ გაქრნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან.
პერიოდულად, ემირეითსის ბინადრების კრახის მიზეზი "რეკორდმაისტერი" იყო, რომლის ბარიერის გადალახვა ამ გუნდისთვის შეუსრულებელ მისიად რჩებოდა. დიახ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიას არ ახსოვს პრეცენდენტი, როდესაც არსენალს ბავარიას ბარიერი ჰქონოდეს გადალახული.

წარსულში, ალიანც არენას ბინადრები ლონდონელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები იყვნენ ევროთასებზე - ვნახოთ, რა იქნება ამჟამად. ფაქტია, "მეთოფეებში" ბევრი რამ შეიცვალა და დღეს, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ტოპ კლუბი. ამის შესახებ რამდენიმე ფაქტი მეტყველებს.
პირველ რიგში ის, რომ "კანონირები" უკანასკნელი სეზონების განმავლობაში პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში მუდმივად ასპარეზობენ. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ფაქტი მიკელ არტეტას გუნდის წინსვლას უსვამს ხაზს. დღეს, ეს გუნდი თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან გამოცდას აბარებს.
სანამ ემირეითზე წყვდიადი იყო, ბაიერნი, ტრადიციისამებრ, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. ამ გუნდს არ ჰყავდა ბადალი ბუნდესლიგაში, მათთვის არც ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი არის უცხო ხილი. წელს, გერმანიის ლიგაში უჩვეულო რამ მოხდა: მიუნხენელებმა საჩემპიონო ბრძოლა ლევერკუზენის ბაიერთან წააგეს, გუნდთან, რომელიც ჩემპიონი აქამდე არასდროს ყოფილა.

შეიძლება ითქვას, რომ "რეკორდმაისტერი" უკვე მთელი ძალებით ჩემპიონთა ლიგაზე არის გადართული. ამ გუნდის განკარგულებაშია ჰარი კეინი - ფორვარდი, რომლისგანაც არსენალი წარსულში პერიოდულად ზარალდებოდა. მასზე მეტი ბურთი ამ გუნდის წინააღმდეგ გატანილი აქვს მხოლოდ ერთ მოთამაშეს: უეინ რუნის (15 გოლი), შემდეგ კი 14-14 ბურთით რობი ფაულერი და სწორედ ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი მოდიან.
ეს გუნდები ერთმანეთს საერთო ჯამში 12-ჯერ შეხვდნენ. 7-ჯერ იმარჯვა ბავარიამ, 3-ჯერ ლონდონელებმა, 2 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება: 27:13. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 5 ბურთი, გატანილი აქვს ტომას მიულერს, რომელიც მოედანზე დღესაც იქნება, ისევე როგორც ტოტენჰემის ყოფილი კაპიტანი.

მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "მისაუბრია თუ არა ალონსოსთან იმის შესახებ, თუ როგორ შევაჩერო ბაიერნი? - კარგი კითხვაა, თუმცა არ გიპასუხებთ. მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ მათთან წაგებები უკვე ისტორიას დარჩა, არსენალმა უნდა დაამტკიცოს, რომ უკეთესი გახდა".
ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "არსენალი, ამ დროისთვის, პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდია და ამის შესახებ სტატისტიკაც მეტყველებს. ამის გარდა, ევროპაში ლონდონელები სტანდარტების გამოყენების მხრივ ასევე საუკეთესოები არიან. არტეტამ ამ გუნდის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა".
არსენალის ბოლო 5 მატჩი: ბრაიტონი-არსენალი 0:3, არსენალი-ლუთონი 2:0, სიტი-არსენალი 0:0, არსენალი-პორტო 1:0, არსენალი-ბრენტფორდი 2:1;
ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: ჰაიდენჰაიმი-ბაიერნი 3:2, ბაიერნი-დორტმუნდი 0:2, დარმშტადტი-ბაიერნი 2:5, ბაიერნი-მაინცი 8:1, ბაიერნი-ლაციო 3:0;
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი: რაია, სალიბა, გაბრიელი, უაიტი, კივიორი, ჟორჟინიო, რაისი, ოდეგორი, საკა, ჰავერცი, ტროსარი.
დანაკლისი: ტიმბერი.
ბაიერნი: ულრიხი, დაიერი, დე ლიხტი, კიმიხი, დევისი, ლაიმერი, გორეცკა, მიულერი, გნაბრი, მუსიალა, კეინი.
დანაკლისი: სარი, ბოეი, ბუკმანი.
არსენალი-ბაიერნი:
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი;
9 აპრილი, 23:00;
ლონდონი, ემირეითსი;
მთავარი მსაჯი: გლენ ნიბერგი.

![[პრევიუ] ახალი არსენალი წარსულში თავისი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის პირისპირ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FRO1Q1KrlJiyDIsfa3ml1Ke1lRWbtOQPB.webp&w=3840&q=75)









