გერმანული გრანდი, ამ შეხვედრაში, გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ტუხელის გუნდს არც თუ ისე კარგი დროება უდგას. ბოლო ტურში, ლევერკუზენთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბუნდესლიგაში გუნდებს შორის სხვაობა უკვე 5 ქულამდე გაიზარდა. ალონსოს გუნდი სრული სვლით წინ მიიწევს, ტუხელის ბიჭები კი ფაქტია, კარგ ფორმაში არ არიან.
მეორე მხრივ, არც მაურიციო სარის გუნდი გამოიყურება კარგად - "არწივები" სერია ა-ში, 37 ქულით, მერვე პოზიციაზე იმყოფებიან და მეოთხეადგილოსან ატალანტას 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ბაიერნისგან განსხვავებით, ლაციომ ბოლო ტურში კალიარისთან გამარჯვება მოიპოვა.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, 2020/21 სეზონზეც შეხვდნენ, სადაც ბაიერნმა ლაციოს ბარიერი ძალიან მარტივად გადალახა.

მატჩის წინ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.
მაურიციო სარი (ლაციოს მწვრთნელი): "შეუსრულებელი მისია? - ჩვენ ასე თუ ვიფიქრეთ, მოედანზე უკვე დამარცხებულები გავალთ. კი, ბაიერნი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით თამაში გვმართებს. მოედანზე თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ, ყოველგვარი შიშის გარეშე. შეიძლება მეტოქე უფრო გამოცდილია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. ლაციო თავის ფეხბურთს არ გადაუხვევს, მოედანზე დიდ ბრძოლას გპირდებით. ლევერკუზენთან მარცხის შემდეგ, გაბრაზებულ ბაიერნს ველოდებით, მაგრამ ჩვენც მზად ვართ."

ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "ლაციო დიდი დისციპლინით გამოირჩევა, მათი ძლიერი მხარე სწრაფი შეტევები და კარგი პრესინგია. დიდი უპირატესობა ექნებათ, რადგან სახლში, საკუთარი ქომაგების წინ, ითამაშებენ. ბევრი ლაპარაკი არ მსურს, რადგან ლაციო ძლიერი მეტოქეა და მაქსიმალურად ვეცდები, წინასწარ ჩვენი გეგმების შესახებ ბევრი არაფერი გაიგონ. ლევერკუზენთან მარცხის შემდეგ, ვაპირებთ მოედანზე ჩვენი ხასიათი გამოვაჩინოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.“

ლაციოს ბოლო 5 მატჩი: კალიარი-ლაციო 1:3, ატალანტა-ლაციო 3:1, ლაციო-ნაპოლი 0:0, ინტერი-ლაციო 3:0, ლაციო-ლეჩე 1:0.
ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: ლევერკუზენი-ბაიერნი 3:0, ბაიერნი-გლადბახი 3:1, აუგსბურგი-ბაიერნი 2:3, ბაიერნი-უნიონ ბერლინი 1:0, ბაიერნი-ვერდერი 0:1.
ურთიერთშეხვედრები: ბაიერნი-ლაციო 2:1, ლაციო-ბაიერნი 1:4.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ლაციო: პროვედელი, მარუშიჩი, ხილა, რომანიოლი, პელეგრინი, გენდუზი, როველა, ლუის ალბერტო, პედრო, იმობილე, ფელიპე ანდერსონი.
დანაკლისი: ძაკანი.
ბაიერნი: ნოიერი, მაზრაუი, უპამეკანო, კიმ მინ-ჯე, გერეირო, კიმიხი, გორეცკა, ზანე, მიულერი, მუსიალა, კეინი.
დანაკლისი: გნაბრი, დევისი, კომანი, ლაიმერი, სარი, სარაგოსა.
ლაციო - ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
14 თებერვალი, 23:55 (თბილისის დროით);
სტადიო ოლიმპიკო, რომი;
მთავარი მსაჯი: ფრანცუა ლეტექსი (საფრანგეთი);

![[პრევიუ] ჩემპიონთა ლიგა - ბაიერნი რომში ფავორიტის სტატუსით ჩადის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGPyVtbDgCA0bcRusX25oTEwi9T2tx062.webp&w=3840&q=75)







