"ქალაქელები" "ლომების" ფონზე გამოკვეთილი ფავორიტები არიან, ეს ფაქტია, რომელსაც ვერ უარვყფთ. ამაზე მიანიშნებს სტუმრების სიძლიერე, კლასი, რესურსი და ცხადია, მოქმედი ჩემპიონის სტატუსი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "თეთრები" განწირულები არიან. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მით უმეტეს - ევროთასებზე.
იაკუბ ნესტრუპის გუნდმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ბრძოლა, ეს გასულ შემოდგომაზეც დამტკიცდა. როდესაც ჯგუფურ ეტაპს ასრულებ მანჩესტერ იუნაიტედსა და გალათასარაიზე მაღლა, დიახ, ბრძოლა ნამდვილად შეგძლებია. კოპენჰაგენი აუცილებლად ეცდება "ლურჯებისთვის" სიურპრიზის მოწყობას.

"ლომებისგან" განსხვავებით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჯგუფური ეტაპი უმარტივესად გაიარა, ერთი ამოსუნთქვით. ექვსიდან ექვსი გამარჯვება ლაიფციგთან, იანგ ბოიზსა და ცრვენა ზვეზდასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ეტიჰადელებს შარშანდელი ტრიუმფის გამეორება წელსაც შეუძლიათ. ვნახოთ, რა იქნება.
ქართველი მაყურებლისთვის აღნიშნული შეხვედრა უფრო მეტად საინტერესო იქნებოდა, "თეთრების" შემადგენლობაში დავით ხოჭოლავას რომ ეთამაშა. როგორც ვიცით, ქართველი უკანახაზელი დაშავებული არის. სიტიში კი ყველა მწყობრშია, ნესტრუპის გუნდისთვის სამწუხაროდ, სტუმრებს კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰოლანდიც დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას, მანჩესტერული გუნდი კოპენჰაგენს შეხვდა ოთხჯერ, ორ მატჩში იმარჯვეს მოქმედმა ჩემპიონებმა, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა. მათი გაცნობა შედგა უეფას თასის 2008-09 წლების სეზონზე, მოგებულები "ქალაქელები" გამოვიდნენ (2:2, 2:1). შარშან კი "ლურჯებმა" "ლომები" უბრალოდ მიწასთან გაასწორეს (5:0, 0:0).

ხოსეპ გვარდიოლა (მან. სიტის მთავარი მწვრთნელი): "რვა წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მან. სიტისთან ერთად, ამდენის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. რაც შეეხება კოპენჰაგენს, ჩვენი მეტოქე არის დიდ მიღწევებს მოწყურებული და ამავდროულად, დასვენებულიც. მათი გონება არის თავისუფალი, რადგან დასაკარგი "ლომებს" არაფერი აქვთ".
იაკობ ნესტრუპი (კოპენჰაგენის მთავარი მწვრთნელი): "ის ფაქტი, რომ კოპენჰაგენი არის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, უკვე სასიხარულოა. ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაშის ვაჩვენოთ, ისეთი, როგორიც ჯგუფურ ეტაპზე იყო. სიტი კი, როგორც მოქმედ ჩემპიონს შეეფერება, ნამდვილად გამორჩეული და ურთულესი მეტოქეა.
კოპენჰაგენის ბოლო 5 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0, ბაიერნი-კოპენჰაგენი 0:0, კოპენჰაგენი-მანჩესტერი 4:3, მანჩესტერი-კოპენჰაგენი 1:0, კოპენჰაგენი-ბაიერნი 1:2;
მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: ცრვენა ზვეზდა-მან. სიტი 2:3, მან. სიტი-ლაიფციგი 3:2, მან. სიტი-იანგ ბოიზი 3:0, იანგ ბოიზი-მან. სიტი 1:3, ლაიფციგი-მან. სიტი 1:3;
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
კოპენჰაგენი: გრაბარა, ვავრო, დიქსი, სორენსენი, იელერტი, ფალკი, ელიუნუსი, გონსალვეში, აშური, ბარდაგჯი, კორნელიუსი.
დანაკლისი: ხოჭოლავა, ლერაგერი, სანდერი.
მან სიტი: ედერსონი, დიაში, აკე, გვარდიოლი, უოკერი, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდო, ფოდენი, დოკუ, ჰოლანდი.
დანაკლისის გარეშე.
კოპენჰაგენი-მანჩესტერ სიტი
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, 23:55 (თბილისის დროით);
პარკენ სთეიდიუმი, კოპენჰაგენი;
მთავარი მსაჯი: ხოსე მარტინესი (ესპანეთი;

![[პრევიუ] ჩემპიონთა ლიგა - ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორი თამაშში ერთვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGFpRiT44s5j6pPX4Ee5OyCyazF38kqvN.webp&w=3840&q=75)







